განსხვავება იმაშია, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, რა თქმა უნდა, სასიამოვნო წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერიოთ ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
კერძოდ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა კაია კალასს დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც იგი იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. ახლა ვხედავთ, რომ მსგავსი ნარატივები აისახება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თითქოს ამ პოლიტიკებთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა, დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ?“.
კალასის თქმით, ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება საპირისპირო ნაბიჯებს დგამს.
„რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ხოლო მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ხელისუფლება სრულიად საპირისპირო მიმართულებით დგამს ნაბიჯებს. ვგულისხმობ მთავრობას. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ ვიდრე იგი გააგრძელებს ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს არ ექნება მომავალი ევროკავშირში“, – განაცხადა კაია კალასმა.

