Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

პროკურატურამ, თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 810 300 ამერიკული დოლარის, 110 ევროს და 6500 ლარის ოდენობით.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები