სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი, შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
დარახველიძის თქმით, დადასტურდა, რომ „ბიბისის“ გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს.
„როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სრულყოფილი და დეტალური გამოძიება. ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 90-მდე პირი, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის და დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად. არ დადასტურდა, თითქოს გამოყენებული იყო ნივთიერებები, რომელიც აკრძალული იყო და შეიცავდა ნივთიერება „კამიტს“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი. შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს. დადასტურდა, რომ „ბიბისის“ გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს“, – განაცხადა დარახველიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია, სადაც შეგიძლიათ, გაეცნოთ ყველა იმ ნივთიერების შესახებ ინფორმაციას, რაც მითითებული იყო. გამოძიებაში დევს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული ნივთიერების შესყიდვასთან და მის ხარჯვასთან. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა დეტალური ინფორმაცია იმ ნივთიერების შესახებ, რომელიც შეძენილი იყო 2007-2009 წლებში. ასე რომ, აქ კითხვები აღარ არის“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

