სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაიმეორა ბრალდება, რომ სომეხთა კათოლიკოსს შვილი ჰყავს და ეს უცხოურმა სპეცსამსახურებმა შეიძლება, გადაბირებისთვის გამოიყენონ.
ეს განცხადება ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და სახელმწიფო დიდი გულისყურით უნდა მიუდგეს ამ საკითხს.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომეხეთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე და მისი მოკავშირეები ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ.
„არაფერი აყენებს უფრო მეტ ზიანს სომხეთის სამოციქულო ეკლესიას, ვიდრე ეკლესიაში კრტიჩ ნერსისიანის (გარეგინ მეორე) ყოფნა და არა მხოლოდ მისი, პროცესი დაიწყო და მან უნდა დატოვოს ეკლესია. ახლა არ დგას არჩევანი უნდა გადადგეს თუ არა კათოლიკოსი. ის უნდა წავიდეს“, – თქვა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, თვალსაჩინოა რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია დღეს გარედან იმართება.
ფაშინიანის განცხადებით, ბევრი სასულიერო პირი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს, მაშინ როდესაც ღვთისმსახურთა სხვა ჯგუფის წევრებმა უზარმაზარი ქონება დააგროვეს.
„ეს არის პრობლემა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ სომეხთა კათოლიკოსი მისი ერთგული უნდა იყოს.

