რომან გოცირიძე: დღეს შევიტყვეთ, რომ ჩინური „ბაზისბანკი“ რუხაძის „ლიბერთი ბანკს“ არ ყიდულობს. როგორც ჩანს, ან დაფრთხნენ იქ აღმოჩენილი ფინანსური ინფორმაციის გამო, ან სანქციების შეეშინდათ

„ჩინელებმა „ლიბერთი ბანკის“ ყიდვაზე უარი თქვეს.

გავიხსენოთ წინა ისტორია: ჩინელებს ( „ჰუალინგს“) „ბანკი რესპუბლიკის“ ანუ ფრანგული „სოსიეტე ჟენერალეს“ აქაური შვილობილი კომპანიის ყიდვაზე წინასწარი ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდათ, როცა ხურდაში კრიმინალური „პროგრესბანკის“ ყიდვაც აიძულეს. ჩინელებმა უარი თქვეს ამაზე. „პროგრესბანკი“ კალაძეს, ივანიშვილს და გავრილოვს ეკუთვნოდა, რომელიც პანამიდან შემოტანილი შავი ფულით შეიქმნა და მხოლოდ ფულის გასათეთრებლად გამოიყენებოდა. ბანკს არა თუ ფილიალი, პლასტიკური ბარათებიც კი არ ჰქონდა. ჩინელები მიხვდნენ რა შარში ყოფდნენ თავს. ამ ბანკის მთავარი მოწილე, მოპარული რუსული ფულის საქართველოს გავლით ოფშორებში გამთეთრებული გავრილოვი ახლა როსტოვის ციხეში ზის ფულის დიდი ოდენობით მითვისებისა და გათეთრების გამო. განსაკუთრებით ხმაურიანი იყო ჩრდილოეთ კავლასიაში მისი ბანკის მიერ კლიენტებისა და აქციონერებისათვის მილიონობით დოლარის მოპარვა. ეს ფული ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით „პროგრესბანკის“ მიერ იქნა საქართველოდან ოფშორებში გატანილი. ტრანსაქციების ისტორია საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება, რადგან მისი გაუქმება ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის მიერ მოხდა.

დღეს შევიტყვეთ, რომ ჩინური „ბაზისბანკი“ რუხაძის „ლიბერთი ბანკს“ არ ყიდულობს. როგორც ჩანს, ან დაფრთხნენ იქ აღმოჩენილი ფინანსური ინფორმაციის გამო, ან სანქციების შეეშინდათ, ან ისეთი ვალდებულების აღება მოსთხოვეს, როგორც წინა შემთხვევაში, რომ არ წავიდნენ რისკზე.

კი მიდის ახლა წილების გაქანებული დაქუცმაცება ივანიშვილ-რუხაძის კომპანიებში, მაგრამ ეს ვერ უშველით. აგერ, დასანქცირებული „ლუკოილის“ ყველა ბენზინგასამართი სადგურის ყიდვა, რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიცაა მიმობნეული, შვეიცარიულ კომპანიას უნდოდა, მაგრამ ამერიკაში უთხეს, ნურას უკაცრავად, რუსების კუდები ხართო. 21 რიცხვში ეს სადგურები ყველგან დაიხურება თუ ვინმე არასაეჭვო მყიდველი არ გამოჩნდა. არა და, იურიდიულად რუსი მეწილე მრავალი წელია გასული იყო ამ შვეიცარიული კომპანიიდან. ჩათვალეს, რომ შენიღბულად სადღაც მაინც მანდაა ის რუსი.

კარგად ხვდებიან „ოცნების“ კლანში, რომ მძიმე სანქციები უახლოვდებათ. რაც უფრო უგუნური იქნება მათი ნაბიჯები, მით უფრო ძვირი დაუჯდებათ“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები