აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მარკო რუბიომ და ყაზახეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განიხილეს ინვესტიციების შესაძლებლობების გაფართოება, ასევე თანამშრომლობის გაძლიერება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდა. შეხვედრა ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნისა და აშშ-ის სამიტის დაწყებამდე გაიმართა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ და ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა განიხილეს კომერციული ვაჭრობისა და ინვესტიციების შესაძლებლობების გაფართოება, ასევე ყაზახეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტური სფეროებში.

„აშშ და ყაზახეთი მოწოდებულები არიან, გააღრმავონ თავიანთი პარტნიორობა კრიტიკულ მინერალებზე წვდომის უზრუნველსაყოფად და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად და ამავე დროს, გააძლიერონ აშშ-ის მიწოდების ჯაჭვები და შესთავაზონ გაფართოებული კომერციული შესაძლებლობები როგორც ყაზახეთს, ისე ჩვენს ქვეყანას”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და აშშ-ის სამიტი ეძღვნება C5+1 დიპლომატიური პლატფორმის დაარსების მეათე წლისთავს. დონალდ ტრამპთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერები.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები