N306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობდა დაგრძელდება და დაფარვის არეალი გაფართოვდება.
თბილისის მერიის ცნობით, განახლებულ მარშრუტზე 8 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი – 20 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, რაც გაზრდის ტევადობას და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება. ასვე, შემცირდება მოლოდინის დროც.
ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე გაგრძელდება, შემდეგ კი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება და იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით.
აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთაც წლების განმავლობაში ავლაბრის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ.
გარდა ამისა, აკაკი ბელიაშვილის ქუჩისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის კვეთაზე ხალი სატრანსპორტო კვანძი მოეწყო. N306 მარშრუტის ავტობუსები აღნიშნულ კვანძზე შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, სვლას მარცხენა მოხვევით მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გააგრძელებენ.

