„12 ფაქტი, რაც უნდა ვიცოდეთ არაბული ინვესტიციებით განსახორციელებელი პროექტების შესახებ: მოკლედ რომ შევაჯამოთ: ველოდით ერთს, მივიღეთ სხვა.
1. ქვეყანაში არ შემოდის არაბთა გაერთიანებული საამიროების მრავალმილიარდიანი სახელმწიფო-კერძო “ემაარი” ფონდი( რომელმაც “ბურჯ-ხალიფას” ცათამბჯენი ააშენა). მიმდინარეობს ამ ფონდის სახელით სპეკულირება და გამოიყენება პროპაგანდისტული მიზნით;
2. ქვეყანაში არ შემოდის არც მისი შვილობილი კომპანია;
3. ქვეყანაში შემოდის კერძო, არაბული, საკმაოდ გამოცდილი საინვესტიციო კომპანია “იგლ ჰილზი”( მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახან, 2014 წელსაა დაარსებული), რომელსაც არ აქვს რაიმე იურიდიული კავშირი “ემაართან”. ამ ორ კომპანიას ჰყავს ერთი და იგივე აქციონერი( პარტნიორი), რომელიც “ემაარში” ფლობს მცირე, 5 პროცენტზე ნაკლებ წილს და რომელიც არის ორივე კომპანიაში თავმჯდომარე. თავად იგი საკმაოდ გამოცდილი და ავტორიტეტული პიროვნებაა და სწორედ მისი თავმჯდომარეობისას ააშენა “ემაარმა” სასტუმრო “ბურჯ ხალიფა” დუბაიში. ეს ფაქტი გამოიყენება ქართული საზოგადოების დეზინფორმაციისათვის, თითქოს “ემაარი” იყოს ინვესტორი საქართველოში.
4. პროექტის განხორციელებისათვის იქმნება ქართულ-არაბული ერთობლივი კომპანია, რომლის კაპიტალშიაც საქართველოს შეაქვს მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მიწები, მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები და ა. შ. , არაბული მხარე მონაწილეობს არქიტექტორული პროექტებით. გაურკვეველია კაპიტალში რა რაოდენობის თანხა შეაქვს. სერბული გამოცდილებით ალბათ მიზერული.
5. პროექტი აშენდება სესხით. ამაში არის განსხვავება “ემაარი” ფონდი მონაწილეობს თუ არა, რომელსაც დიდძალი რესურსი აქვს. ქართული იურიდიული პირი, აღნიშნული ერთობლივი კომპანია სესხს აიღებს ბანკებისაგან ან შესაძლოა “ემაარი” ფონდიდან.
6. პროექტის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლებით ჯერ დაიფარება სესხი და პროცენტები( ამ უკანასკნელის სიდიდესაც მნიშვნელობა აქვს მოგების ოდენობის განსაზღვრისას).
7. საქართველო, რომელიც კომპანიაში მიწებისა და სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ფლობს წილის მესამედს, სესხის გასტუმრების შემდეგ მიიღებს შემოსავალს, რომელიც არ იქნება მის მიერ შეტანილი წვლილის თანაზომადი, გამომდინარე კაპიტალის უსამართლოდ ფორმირებისა და დაფინანსების სქემიდან.
8. თბილისში აშენდება მცხეთის სიდიდის ქალაქი (6 კვ. კილომეტრი) 10 ათასამდე მოსახლეობით (ძირითადად, კოტეჯური ტიპის სახლები), რომელიც გააუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას, გაანადგურებს მტკვრის ჭალებს და ტყე-პარკს, წარმოქმნის სატრანსპორტო კოლაფსს ამ მიმართულებით და ნაცვლად განტვირთვისა, კიდევ უფრო დაამძიმებს თბილისს.
9. გონიოში აშენდება დაახლოებით სიღნაღის სიდიდის ქალაქი (2,5 კვადრატული კილომეტრი). განაშენიანების დიდი ნაწილი ითვალისწინებს საცხოვრებელი ტიპის სახლების მშენებლობას, რაც წარმოქმნის დემოგრაფილ პრობლემებს.
10. სახლების და ბინების 60 პროცენტი გაიყიდება უცხოელებზე, მათ შორის მუდმივად ცხოვრების მიზნით. ინვესტირების მსგავსი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის კონცენტრაციას დიდ ქალაქებში (განსაკუთრებით თბილისში) არის არასწორი და დამატებითი პრობლემების შემქმნელი. მშენებლობის ტერიტორიაც არასწორადაა შერჩეული. თბილისში, კრწანისის ტყე-პარკი და მტკვრის ჭალები ხელშეუხებელი ადგილი უნდა იყოს მშენებლობისათვის.
11. გასათვალისწინებელია ის შეცდომები, რაც აღმოსავლეთ ევროპაში მსგსვსი პროექტების განხორციელებისას მოხდა, მათ შორის კორუფციული სკანდალები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო ინტერესების დაკნინებაში გამოიხატებოდა კერძო პირების ინტერესების სასარგებლოდ.
12. პროექტი არის გაუმჭვირვალე. ხელშეკრულება წინასწარ უნდა იქნას გასაჯაროებული და შესწავლილი, რათა არ განმეორდეს ის დანაშაული, რაც მთავრობამ ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით ჩაიდინა, რის გამოც ქვეყანამ დაახლოებით 400 მილიონი დოლარი დაკარგა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით. “ინტერრაოსთან” 94 მილიონი დოლარის ოდენობის დავის წაგებაც ამ კატეგირიის საქმეებს განეკუთვნებს. ამ დანაშაულების გამოძიების პროცესები წინ გველოდება. ეს ამბები კარგად უნდა გვახსოვდეს“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

