სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა, რის გადახდის შემდეგაც მან დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა.
ჩახუნაშვილთან ერთად დაკავებულ გიორგი მულაძის მიმართ კი, სასამართლომ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 10 ოქტომბერს გამოაცხადა.
სასამართლო პროცესზე გიორგო ჩახუნაშვილის მიმართ გირაო, ხოლო გიორგი მულაძის მიმართ პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა. ჩახუნაშვილის მიმართ ნაკლებად მძიმე საპატიმრო გირაოს შუამდგომლობის მიზეზად, მისი ასაკი, საქმიანობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
დაცვის მხარე ბრალდებების შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მათ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს, ალტერნატივის სახით, კი სასამართლოს ოთხი პირის თავდებობა შესთავაზეს.
პროფესორი, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი თბილისში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, 9 ოქტომბერს ღამით დააკავეს.

