ძალიან მკაცრი მითითებები უკვე მიეცათ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს გამოყენებული პროპორციული ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდა და გაკეთდება, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, არასწორი ქმედება, თუ არაპროპორციული ძალის გამოყენება.
„ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის გავაკეთეთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ამასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და პოზიცია. ექსცესები თუ იქნება, ასეთი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. ვეცდებით, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, იმის გამოვლენას. ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული მაქსიმალური ზომები, იმისთვის, რომ არ მოხდეს ინციდენტები.
რაც შეეხება მოძალადე მომიტინგეებს, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. წინა შემთხვევაში თუ იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით სამი პროცენტი, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება, მრავალი წლით მოხვდნენ ციხეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა კანონდამრღვევის მიმართ კანონი იმოქმედებს ძალიან მკაცრად.
„პირველ რიგში, აქცენტი უნდა გავაკეთოთ საჯარო მოწოდებებზე, საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ამაზე ღიად საუბრობენ შესაბამისი პარტიების ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც არიან ჩართულნი ამ აქციის ორგანიზებაში. რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, ეს განცხადებები უკვე თავისთავად არის არაკონსტიტუციური, გულისხმობს არაკონსტიტუციური მიზნის მიღწევის მცდელობას თავისი შინაარსით. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მრავალი ოპერატიული ინფორმაცია. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. ეს სიურპრიზი დახვდებათ მათ კანონის ფარგლებში, მაგრამ, კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად“, – განაცხადა პრემიერმა.

