„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას – „აკრიფეთ გუდა-ნაბადი და მოუსვით, სანამ ამას გააკეთებს თვითონ, მისი უდიდებულესობა, დაუმარცხებელი ხალხი“.
„დღევანდელმა წარღვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხალხის ძალას ვერ გააჩერებს ვერაფერი, მითუმეტეს, ეს ძირგამომპალი ხელისუფლება. და მე ვეუბნები ივანიშვილს და მის დანაშაულებრივ ბანდას: ისე მიდის საქმე, რომ თქვენ დამხობა მოგენატრებათ. ახლა რომ ჩამოგითვალოთ, რა გელოდებათ თქვენ, შეიძლება თბილისში არსებული სასწრაფო დახმარების მანქანები არ გეყოთ, გული გაგიხდეთ ცუდად, ამიტომ, როგორც მოსვლით „გაგვახარეთ“, ისე წასვლით გაახარეთ ეს ხალხი, აკრიფეთ გუდა-ნაბადი და მოუსვით, სანამ ამას გააკეთებს თვითონ, მისი უდიდებულესობა, აი ეს დაუმარცხებელი ხალხი და მერე გვიანი იქნება თქვენთვის აეროპორტში გაქცევაც კი, ვერ გაასწრებთ. ვერც თქვენს ძვირად ღირებულ იახტებთან მიასწრებთ ზღვით გაცურვას და ყველგან გელოდებათ ცეცხლი და ყველგან გელოდებათ რისხვა იმის გამო, რაც თქვენ დაატრიალეთ ამ ულამაზეს ქვეყანაში. ამიტომ დაგვემშვიდობეთ სამუდამოდ. ხალხი ელოდება თქვენგან დამშვიდობებას და თქვენს გადასვლას გლდანის საგამოძიებო იზოლატორში, ეს გარდაუვალი ფინალია თქვენი დანაშაულებრივი საქმიანობის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე 13 სექტემბერს გამართულ აქციაზე – „დაიცავი უვიზო“.

