სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის, შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს, პიტერ ფიშერს რომ ელჩი უწოდო. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, წითელ ხაზებს გასცდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის ელჩის განცხადებაზე, სადაც პეტერ ფიშერი აღნიშნავს: „კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. მან დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით. გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჩემ მიმართ, როგორც ელჩისადმი“.
კალაძის შეფასებით, პეტერ ფიშერი საქართველოში საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაშია ჩართული.
„გერმანიის ელჩს რაც შეეხება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის, შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს, ამ ადამიანს რომ ელჩი უწოდო. ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის, ჩვეულებრივ, შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. ძალიან მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ასევე, გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ, საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს შესაბამისი პასუხი გასცა – ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

