რუსეთიდან მუქარის შემდეგ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად უნდა იყოს ომისთვის ნებისმიერ დროს

რუსი პროპაგანდისტების მუქარის შემდეგ, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში „ახალი სამხედრო ოპერაცია“ გახდეს საჭირო, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ომისთვის უნდა მოემზადოს.

ამის შესახებ ალიევმა ქალაქ ქალბაჯარში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ალიევის თქმით, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანის მთავრობა საფრთხის ახალ წყაროებს აკვირდება და სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს, რათა დაიცვას უსაფრთხოება.

„ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. თუმცა ეს სისხლიანი ისტორია არასდროს უნდა წაიშალოს ჩვენი მეხსიერებიდან, არ უნდა ვიხელმძღვანელოთ ტკბილი სიტყვებით, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. რა თქმა უნდა, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველ წუთს, ყოველდღე დგანან ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ჩვენ ვაკვირდებით, ვხედავთ და დავინახავთ საფრთხის შესაძლო წყაროებს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო ძალას. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ჩვენი ძალების განვითარებასთან დაკავშირებით, გავზარდეთ ჩვენი სპეცრაზმის რაოდენობა ათასობით მებრძოლით – არ მინდა, ზუსტი ციფრის დასახელება, მაგრამ ბევრით. ჩვენს ქვეყანას მიეწოდება ყველაზე თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები, ახალი საარტილერიო სისტემები. ხელი მოეწერა კონტრაქტებს ახალი საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად, ხოლო არსებული მთლიანად მოდერნიზებულია. ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რადგან მსოფლიოში პროცესების მსვლელობა ისეთია, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება ხვალ. ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ვართ ჩვენ თავად, ჩვენი სახელმწიფო, ხალხი და ჩვენი შეიარაღებული ძალები. ამიტომ, თუ ვინმეს ავადმყოფ თავში მოუვა აზრად, აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყოს, ვფიქრობ, ის ისევ ინანებს ამას. ჩვენ კი ამიერიდან ვიცხოვრებთ როგორც გამარჯვებული ერი და გამარჯვებული სახელმწიფო“, – განაცხადა ალიევმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები