დონალდ ტრამპი: პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე შეიძლება, რაღაცას მიაღწიონ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ჭკვიანი კაცია და ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს.

„შევნიშნე, რომ მას რუსეთიდან ბევრი ბიზნესმენი მოჰყავს, ეს კარგია. მომწონს, რადგან სურთ ბიზნესის კეთება, მაგრამ ბიზნესს არ გააკეთებენ, ვიდრე ომს არ შევაჩერებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებზეც.

„პუტინი ცდილობს სცენის დადგმას და, მისი ზრით, ეს დაეხმარება უკეთესი შეთანხმების დადებაში“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ამავე დროს ტრამპი აღნიშნავს, რომ, რეალურად, მსგავსი ქმედეები აზიანებს პუტინს, რაზეც მასთან  საუბარს აპირებს.

ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე არ იქნება მიღებული.

ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, შეეხება თუ არა საუბარი ტერიტორიებს პუტინთან შეხვედრის დროს.

„განხილული იქნება, თუმცა გადაწყვეტილებას უკრაინა მიიღებს და ვფიქრობ, ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე აქ უკრაინის სახელით სასაუბროდ არ ვარ. აქ ვარ იმისთვის, რომ ისინი მაგიდასთან დავსვა. მისმინეთ, ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინის აღება სურდა. მე რომ არ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ახლა მთელ უკრაინას აიღებდა, მაგრამ ამას არ გააკეთებს“, – თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ალასკაში მიფრინავს, სადაც რუს კოლეგასთან მოლაპარაკებას გამართავს. ტრამპის გარდა, ბორტზე იმყოფებიან დელეგაციის წევრები, ასევე თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი და ჟურნალისტები.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები