Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ირაკლი ღარიბაშვილი: ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში

მეუფე შიო, მოგესალმებით, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, ქალბატონ ელჩს, ამერიკის ელჩს და ისრაელის ელჩს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ვეტერანებს მივესალმები განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით. ბატონო კობა, მოგესალმებით. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე – ვეტერანის დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან მისი მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას.

„ჩვენს სამხედროებს მივესალმები და მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვეტერანის სტატუსი არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური, არამედ ეს არის სტატუსი, რომლის მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, მე ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს, რომლებმაც გაიღეს სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლებიც იცავდნენ, ემსახურებოდნენ და ემსახურებიან დღესაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. იცით, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების ღვაწლი, სამსახური, მათ მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი, მე ასე ვიტყოდი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო 11 წლის განმავლობაში მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა ვეტერანებს და მათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადაუწყვიტა.

„რამდენიმე შემიძლია გავიხსენო და ჩამოვთვალო. იცით, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის თუნდაც მინიმალური პაკეტიც კი. ჩვენ დღეს შეიძლება ამაყად ვთქვათ, რომ სახელმწიფო, მთავრობა, 125 მილიონ ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული მთავრობის მიერ. ამის გარდა, რა თქმა უნდა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაზე, დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, იცით, რომ ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ. მე არ ვამბობ, რომ ეს არის დიდი დახმარება, ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ მათ მიეცეთ ყოველთვიური დანამატი, კომპენსაცია. მე არ მინდა ჩამოვთვალო და ეს ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამით მთავრობა კი არ ამაყობს, მე ამით ხაზგასმა მინდა გავაკეთო იმის, რომ ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავუკეთოთ ჩვენს ვეტერანებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული და მალე გამოაცხადებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის.

„მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. სამსახურის ხელმძღვანელმა სიტყვა გახსნა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, ჩვენს დაღუპულ ვეტერანებს და არა მხოლოდ.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ, ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული. თქვენ იცით, რომ სამხედროებისთვის, პოლიციელებისთვის, სხვა სამსახურებისთვის, სპეცსამსახურებისთვის ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყება, ინიციატივა განვახორციელეთ, იქნებოდა ეს ხელფასების ზრდა, 50%-ით გაეზარდათ ხელფასები ჯარისკაცებს და პოლიციელებს, სპეცსამსახურის თანამშრომლებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა, ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის, იმიტომ, რომ ახლა ეს იყო, ასე ვთქვათ, სტატიკური და იყო ჩაკეტილი. ძალიან მალე გამოვაცხადებ ამ ახალ გადაწყვეტილებას.

იცით, რომ ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს ჩვენი სამხედროებისთვის, ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, იქნება ეს ბინების მშენებლობა თუ სხვა სოციალური გარანტიები.

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც მზად არიან, რომ გაიღონ ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე – მთავრობის მხრიდან იყვნენ სათანადოდ დაფასებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს პოლიციელებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დიდი მადლობა!

მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ბატონ კობა კობალაძეს, მის სამსახურს, მივულოცო თქვენს თანამშრომლებს დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ, მადლობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერთან ერთად ვეტერანებს სიტყვით მიმართა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ. ღონისძიებაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა შიომ პატრიარქის მილოცვა წაიკითხა.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

ღონისძიების დასასრულს პრემიერ-მინისტრს აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანის – ზურაბ ჟღენტის შვილებმა – მხატვრებმა ანა და მარიამ ჟღენტებმა საჩუქრად თავიანთი ნახატი გადასცეს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები