საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძის თანათავმჯდომარეობით პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა.
როგორც კომისიის თანათავმჯდომარეებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, შეხვედრა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და პარტნიორობას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეთა მიერ განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი: სავაჭრო-ეკონომიკური სფერო, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივები, საინვესტიციო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, და სხვა.
ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი რესურსი არსებობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის მხარეს მოკლედ გააცნო საქართველოს ეკონომიკის არსებული სურათი, დინამიკა და სტატისტიკური მონაცემები, მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა დარგში მიმდინარე რეფორმებზე.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2022 წელი სავსე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით, მაგრამ რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე საქართველომ მოახერხა ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება – 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს, ასევე ორნიშნა 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.0% შეადგინა. საქართველოს ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც რეკორდული 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.9%-ით გაიზარდა, 1,072.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია და მშპ-ს 7.8%-ს გაუტოლდა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული ურთიერთობა შესაბამისად აისახება ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე. 2023 წლის რვა თვის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთი იკავებს მე-4 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.8%-იანი წილით. საქართველომ გაატარა ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმები და შექმნა ბიზნესისთვის ხელსაყრელი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა და ეფექტური სამართლებრივი ბაზა. საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად და აგრძელებს მუშაობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ჩვენი მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი ჩინური კომპანია და ინვესტიცია საქართველოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება, პირდაპირი ფრენების განახლებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავებას.
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარეებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი – მასში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. კომისიის შემდეგი სხდომა საქართველოში ჩატარდება.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.