დონალდ ტრამპის თქმით, ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში რამდენიმე კითხვა დაუსვეს, მათ შორის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ის წერს, რომ განკარგულება გასცა ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის გადაადგილების შესახებ.
„ჩვენ ასე მოქცევა გვმართებდა. უბრალოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. გაისმა მუქარა და ვფიქრობთ, რომ ეს არაკორექტული იყო. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ამას ვაკეთებ ჩვენი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. გაისმა მუქარა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, ხოლო ჩვენ ჩვენს ხალხს დავიცავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„როიტერსის“ ცნობით, ტრამპმა კვლავ არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა „ბირთვულ წყალქვეშა ნავებში“.
როგორც ცნობილია, აშშ-ს ჰყავს ატომური შესაძლებლობებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები, რომლებიც მტრის წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა განკუთვნილი, ასევე ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ ბირთვული რაკეტების გაშვება. პენტაგონი ასეთი ხომალდების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს.
ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესების შესახებ მის მიერ გაჟღერებული მუქარას შემდეგ ინდოეთი აღარ აპირებს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას.
„როგორც მე მესმის, ინდოეთი აღარ აპირებს რუსეთისგან ნავთობის შეძენას. ეს არის ის, რაც მე გავიგე. არ ვიცი, სწორია თუ არა, მაგრამ ეს კარგი ნაბიჯია. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მხრიდან ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები არ გავრცელებულა.

