ბირთვული მასალის, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ბათუმში საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო განვითარება აღკვეთა, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიაქტიური ქიმიური ელემენტის, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ქალაქ ბათუმში საქართველოს ერთი მოქალაქე და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია სამ მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა.

აღნიშნული ბირთვული მასალა, რადიაქტიური ალფა და გამაგამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის“, – აცხადებენ სუს-ში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები