ისრაელის არმია ღაზას სექტორზე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თავდასხმას გეგმავს, ნათქვამია განცხადებაში, მაგრამ არ არის დასახელებული ვადები და დეტალები.
ისრაელის ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ წინა ხაზის ჯარისკაცებს უთხრა: „მომდევნო ეტაპი მოდის“.
ისრაელმა გააფრთხილა ჩრდილოეთ ღაზაში მცხოვრები 1.1 მილიონი პალესტინელი, რომ ევაკუირებულიყვნენ სამხრეთით. ათასობით ადამიანმა ავტომობილით ან ფეხით დატოვა ტერიტორია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაგმო ევაკუაციის ბრძანება და განაცხადა, რომ საავადმყოფოებში მყოფი პაციენტების ადგილის შეცვლაზე იძულება „სასიკვდილო განაჩენი“ იქნება.
როგორც BBC იუწყება, ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები დაიღუპნენ, როდესაც ჩრდილოეთ ღაზადან მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებზე დარტყმები განხორციელდა.
7 ოქტომბერს, გამთენიისას „ჰამასის“ მიერ ისრაელზე წამოწყებული თავდასხმების შედეგად 1 300 ისრაელელი დაიღუპა, ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვისას კი, 2 200-ზე მეტი პალესტინელი.