GUARDIANGE – მარნეული-სადახლოს ცენტრალური საავტომობილო გზიდან, სადახლომდე არმისული, ხელმარჯვნივ, გზა მაღლა, სოფელ დამიისკენ მიუყვება. მთავარი მაგისტრალის გადასახვევიდან სამიოდე კილომეტრში, მთების ძირში, სიმწვანეში ჩაფლული, ეთნიკური სომხებით დასახლებული განაპირა სოფელი – დამია მდებარეობს. აქაურობას მშრომელი ადამიანის კვალი კარგად ატყვია, თუმცა სიცოცხლის მთავარი ნიშანწყალი მაინც სოფლის საჯარო სკოლაში შეინიშნება, სადაც ბავშვები დასვენების პერიოდში ახლად მოწყობილ მინი სტადიონზე თამაშით ერთობიან და ჟივილ-ხივილით აცოცხლებენ მთებით გარშემორტყმულ სიმშვიდით მოცულ გარემოს.

სკოლის დირექტორი, ქალბატონი სილვა ამირიანი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებას 2002 წლიდან უდგას სათავეში, მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მადლიერებას გამოხატავს მინი სტადიონის გაკეთებისთვის, მაგრამ ამბობს, რომ მათთვის ყველაზე მთავარი, ახალი სკოლის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტაა.

როგორც სილვა ამირიანმა GUARDIANGE-ის განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაქართულენოვან საჯარო სკოლებს სახელმწიფოს მხრიდან დიდი ხელშეწყობა აქვთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტშიც, არაერთი საჯარო სკოლა გარემონტდა კაპიტალურად ან ხშირ შემთხვევეაში, სრულიად ახალი სკოლაც კი აშენდა, ჯერ კიდევ დარჩენილია ისეთი სკოლები, სადაც მოწესრიგებული და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ინფრასტრაქტურული გარემო არ არსებობს.
„ყველაზე მეტად, რისი საჭიროება გვაქვს?! ახალი სკოლა გვინდა, თანამედროვე სკოლა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნავს GUARDIANGE-ისთან საუბრისას ქალბატონი სილვა ამირიანი და განაგრძობს: „რაც შეეხება ადამიანურ რესურსებს, სწავლა-სწავლების საკითხებს, ეს მაღალ დონეზე დგას ჩვენთან – პროგრამები, კურიკულუმები და ა.შ. მაგრამ ინფრასტრუქტურა არ არის სათანადოდ განვითარებული და ავტორიზაციის გავლისთვის ეს ფაქტორი ხელისშემშლელი იქნება, რადგან არც ბუფეტია სკოლაში, არც შიდა სპორტული დარბაზი, არც ექიმის ოთახი. სკოლის არსებული შენობა ძველია და ამ სივრცეში ამ ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სრულიად ახალი სკოლა უნდა აშენდეს, რათა ავტორიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა იყოს დაკმაყოფილებული“.

სილვა ამირიანის თქმით, სკოლის ეზო 3 700 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სკოლა აშენდეს.
„სულ ახლახან, მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, სკოლის ეზოში მინი სტადიონი მოეწყო, რისთვისაც მადლობას ვუხდით ხელისუფლებას, მაგრამ მთავარია, ახალი სკოლის აშენების საკითხი გადაწყდეს დროულად“, – უთხრა GUARDIANGE-ის სილვა ამირიანმა ქართულ ენაზე.

დირექტორი აცხადებს, რომ არაქართულენოვან საჯარო სკოლებს სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს და ცდილობს, სხვადასხვა პროგრამის დანერგვით, ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები აღიზარდონ.
„არაქართულენოვან საჯარო სკოლებს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ – წიგნები უფასოა, ვაუჩერები იგივეა, რაც ქართულ სკოლებში, პირველკლასელებისთვის კომპიუტერები უფასოა. შეიძლება ითქვას, რომ არაქართულენოვანი საჯარო სკოლების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება უფრო მეტიცაა. მაგალითად, „4+1 პროგრამა“, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები უკვე უმაღლეს სასწავლებლებში იღრმავებენ ქართული ენის ცოდნას, ხომ მხოლოდ არაქართულენოვანი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებისთვისაა განკუთვნილი. ეს უკვე დიდი ხელშეწყობა და მოტივაციაა, რომ ეთნიკურად სომეხი თუ სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეები გახდნენ ჩვენი სახელმწიფოს სრულფასოვანი მოქალაქეები, ისწავლონ და დასაქმდნენ საქართველოში. ამასთან, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში ფართოდ ინერგება ბილინგვური სწავლება, ესეც ხომ დამატებითი ხარჯია, მაგრამ სახელმწიფო იღებს ამ ხარჯებს, რომ ქართული ენის სწავლების დონე კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს არაქართულენოვან საჯარო სკოლებში. თუ იცი სახელმწიფო ენა, სამსახურებში აყვანისას მნიშვნელობა არ აქვს შენს ეროვნებას – ქართველი ხარ, სომეხი თუ აზერბაიჯანელი“, – განუცხადა სილვა ამირიანმა GUARDIANGE-ის.

მარნეულის სოფელ დამიის ცხრაწლიანი სკოლის პირველ კლასში შეყვანიდან რამდენიმე კვირაში სილვა ამირიანის ოჯახი სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად და მან იქ დაამთავრა სკოლაც და ინსტიტუტიც, რის შემდეგაც საქართველოში, თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა.
„მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი არ იყო მომხრე ქალაქიდან სოფლად ჩემი დაბრუნების, მე მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე, აქვე შევქმენი ოჯახი და თავიდანვე მქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, რომ თუკი სოფლად ვბრუნდები, რამე უნდა გავაკეთო-მეთქი ამ სოფლისთვის და ღმერთის ნებით, ასე მოხდა… დავბრუნდი ჩემს მშობლიურ სოფელში და 1984 წლიდან დამიის სკოლაში ვმუშაობ, უკვე 41 წელია გასული. ჯერ მათემატიკის მასწავლებლად შევუდექი მუშაობას, 2002 წლიდან კი დირექტორი ვარ. 2024 წელს მონაწილეობა მივიღე საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში, დავაგროვე საჭირო ქულა, წარმატებით გავიარე გასაუბრება და გასული წლის ივნისში სამეურვეო საბჭომ 6 წლის ვადით ამირჩია დირექტორის თანამდებობაზე. უკვე ერთი წელი გავიდა და ახლახან წარვადგინე ჩემი 1-წლიანი მუშაობის ანგარიში, სადაც აღწერილია, თუ რა გავაკეთე სკოლისთვის ამ პერიოდში.
„ჩვენ 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში, ანუ გასული წლის სექტემბერში, ერთი წლისთვის გაწერილი გვქონდა სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა, სადაც გვეწერა, რომ უნდა ჩაგვეტარებინა ღონისძიებები, გაგვეკეთებინა პროექტები, მათ შორის არაფორმალური განათლების მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ მთელი წლის განმავლობაში მასწავლებლებმა, დამრიგებლებმა კარგად იმუშავეს, იმდენი ღონისძიება ჩატარდა, რომ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რომელი ერთი დაგისახელოთ. მაგრამ მაინც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წიგნიერების დონის ამაღლების შესახებ პროექტი სახელწოდებით – „წიგნების სამყაროში“. ეს იყო კონკურსი, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსი დაყოფილი იყო პირველ, მეორე და მესამე ეტაპად, რომელიც უკვე ფინალური იყო და გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებით და მცირე საჩუქრებით წავახალისეთ.
მიმაჩნია, რომ ამგვარი კონკურსების ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, დღევანდელ მსოფლიოში, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტენსიური განვითარების ფონზე, ინტერნეტის ეპოქაში, წიგნების კითხვისადმი ინტერესი შემცირებულია. ვაღიაროთ, ბავშვებს წიგნების კითხვას ტელეფონებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენება ურჩევნიათ – ხშირ შემთხვევაში გართობის მიზნით – და ამიტომაც, ეს კონკურსი წიგნის პოპულარიზაციის საუკთესო საშუალება იყო – რომ მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესი გაზრდილიყო. მსგავს კონკურსებს მომავალშიც ჩავატარებთ“, – აღნიშნა სილვა ამირიანმა.
დირექტორის გადაწყვეტილებით, სკოლაში დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდა, რამაც მკაფიოდ გამოავლინა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე, რომლის შედეგების შეფასების საფუძველზეც დაიგეგმება მომავალი სასწავლო წლის კურიკულუმი.

„დიაგნოსტიკური ტესტირების მიზანს წარმოადგენდა გაანალიზებულიყო მოსწავლეთა ძლიერი თუ სუსტი მხარეები, რათა ამის მიხედვით დაიგეგმოს ის ღონისძიებები, რაც მათ აკადემიურ მოსწრებას გააუმჯობესებს. ტესტირების შედეგებმა მოგვცა რეალური სურათი თუ რა მიმართულებით იქნება მეტი სამუშაოების ჩატარება საჭირო ცოდნის ასამაღლებლად. მომავალი წლის კურიკულუმში გაიწერება ეს ყველაფერი და გადაიდგმება ნაბიჯები არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.


ჩვენთან საკითხები ერთპიროვნულად არ წყდება. პედკოლექტივის თითოეული წევრის აზრს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ასე რომ, დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარებაც ერთობლივად გადავწყვიტეთ, რათა თითოეულ მოსწავლეზე გვქონოდა სრული სურათი, თუ რა არის მათი შემდგომი განვითარებისთვის საჭირო. საუკეთესო შედეგის მქონე შვიდ მოსწავლეს, ვინც 9 ან მეტი ქულა მიიღო, სერტიფიკატები გადავეცით.

მოგეხსენებათ, რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2027 წლიდან გეგმავს სკოლებში გამოცდების შემოღებას და ეს გამოცდილება აუცილებლად წაადგებათ მოსწავლეებს. მათთვის ნაკლებად რთული იქნება უკვე გამოცდებზე გასვლა, რადგან მათ გარკვეული გამოცდილება ექნებათ. ისინი ამ ტესტირებებით თანდათან დაძლევენ ერთგვარ შიშსა და ნერვიულობას, რომელიც თან ახლავს ხოლმე საგამოცდო პროცესს“, – აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის დირექტორმა.

სილვა ამირიანის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლისთვის სკოლაში 61 მოსწავლე ირიცხებოდა, თუმცა იყო ისეთი პერიოდიც, როცა მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად იყო შემცირებული.
„წელს სკოლა ერთმა მე-12 კლასელმა დაამთავრა და ამ დროისთვის 5 პირველკლასელია დარეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სასწავლო წელს 65 მოსწავლე გვეყოლება. ბოლო პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება. ჩვენი სკოლა თავიდან საბაზო იყო, 2003 წელს გახდა საშუალო და იმ წელს 73 მოსწავლე გვყავდა. იყო პერიოდი, როცა მოსწავლეთა რაოდენობა 39-მდეც კი იყო ჩამოსული, შემდეგ კი, უკვე გაიზარდა“, – განაცხადა სილვა ამირიანმა.

დირექტორის თქმით, მოსწავლეთა აქტივობები სისტემატურად ქვეყნდება სკოლის მიერ სოციალურ მედიაში შექმნილ პლატფორმაზე.
„„სქულ მედია“ გვაქვს და რეგულარულად თავსდება ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომასალა მოსწავლეთა აქტივობების შესახებ. 27 მაისს, პირველკლასელების დამთავრების დღეს გამართულ ღონისძიებაზე ბავშვები სამ ენაზე ქართულად, სომხურად და ინგლისურად კითხულობდნენ ლექსებს და მღეროდნენ. წარმოდგენილი იყო მცირე სპექტაკლი სამი ანბანის შესახებ – პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ღონისძიება გამოვიდა.
6 ივნისს, პუშკინის დაბადების დღეს ასევე ღონისძიება მივუძღვენით, 13 ივნისს მე-4 კლასელების მონაწილეობითაც გაიმართა კიდევ ერთი ღონისძიება. ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა უფრო მეტად განვითარებას და მომავალ სასწავლო წელსაც ინტენსიურად გაგრძელდება ეს პროცესი“, – უთხრა GUARDIANGE-ის სილვა ამირიანმა.

ქალბატონ სილვა ამირიანს, გამომდინარე იქიდან, რომ მან სკოლა და უმაღლესი სასწავლებელიც სომხეთში დაამთავრა, ქართული ენის შესწავლა გვიან მოუწია, მაგრამ იმდენად კარგად და საფუძვლიანად შეძლო სახელმწიფო ენის დაუფლება, რომ 2024 წელს წარმატებით ჩააბარა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა და წარმატებითვე გაიარა კომისიასთან გასაუბრება.
„ჩვენი სკოლიდან რამდენიმე კანდიდატი ვიყავით გასული დირექტორობის მსურველთა ტესტირებაზე და მე და კიდევ ერთმა კანდიდატმა გადავლახეთ ბარიერი. გამიხარდა, რომ ჩემთან ერთად წარმატება ჩვენი სკოლის ახალგაზრდა პედაგოგს, ნორაირ მისკარიანსაც ხვდა წილად. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რადგან სამუდამოდ ხომ ვერ გამოვეკერები სკამს და როცა ამის დრო დადგება ადგილს დიდი სიამოვნებით დავუთმობ ახალ თაობას“, – განაცხადა სილვა ამირიანმა.
დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა სრულად












































