გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოზიციაზე წარადგინა.
პაპუაშვილის თქმით, ახლა უკვე დაიწყება საპარლამენტო პროცედურები გენერალური აუდიტორის არჩევისთვის.
„გუშინ ბატონმა ცოტნე ყავლაშვილმა მომმართა გენერალური აუდიტორის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ის დაბრუნდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, რომელსაც ის 2015-2022 წლებშიც იკავებდა. 2013-2022 წლებში ის ასევე იყო სახელმწიფო ხაზინის უფროსი. მინდა, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც კონსტიტუციური ორგანო, გადამწვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და კორუფციის რისკების მინიმიზებაა. საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რათა საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რომ თავად მოახდინოს ფინანსების არაეფექტიანი თუ უკანონო ხარჯვის პრევენცია.
ამიტომ, გუნდთან და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანმდებობას, ხოლო 2024 წლიდან – გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც წინასაარჩევნოთ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომელთა შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ახლა უკვე დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს გენერალური აუდიტორის ასარჩევად, რაც მომავლ კვირას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.