Thursday, June 5, 2025
16.8 C
Tbilisi

კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოებში – სსიპ-ებსა და შპს-ებში შტატების მასშტაბური შემცირება გაგრძელდება

საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურად 52,5 მილიონი ლარი დაიზოგა და ეს პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რკინიგზაში ოპტიმიზაცია წლიურ ჭრილში 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას იძლევა, ხოლო ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში – 16,5 მილიონი ლარს.

„რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში განხორციელდა ოპტიმიზაცია და შეიცვალა ხელმძღვანელობა. ეს არის საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოები. მათ დავუსახეთ კონკრეტული ამოცანები რეფორმების და მათ შორის ოპტიმიზაციის კუთხით. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. საუბარია მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციაზე, 36 მილიონზე მეტი დაიზოგება საქართველოს რკინიგზაში. რაც შეეხება ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებს, ეს არის ელექტროსისტემა, საქრუსენერგო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ენგურჰესი, ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16,5 მილიონი ლარი ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში. ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზას და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს.

ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც და არა მარტო. არის სსიპ-ები, შპს-ები, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია. მარტო ამ სფეროში სახელმწიფოს გამოუჩნდა დამატებითი რესურსი წლიური 52,5 მილიონი ლარის სახით. ეს რა თქმა უნდა, მოხმარდება ქვეყნის განვითარებას და გაჩნდება ახალი რესურსი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას. ეს არის პირველადი მონაცემები, ვფიქრობთ, ეს 52,5 მილიონი ლარი კიდევ უფრო გაიზრდება და შეიძლება, 60 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს. რაც შეეხება საერთო ოპტიმიზაციას, თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, სსიპ-ებს, შპს-ებს, შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს იყო უპირობოდ გასაკეთებელი. ეს პროცესი დაწყებულია ძალიან სწრაფი ტემპით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები