პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში თავდაცვის ძალების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სემესტრში აღმოსავლეთის, დასავლეთის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით 500-მდე სკოლას ეწვივნენ.
ჯარისკაცებმა ერთ-ერთი ბოლო გაცნობითი შეხვედრა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან გამართეს და თავდაცვის ძალების ისტორიის, სტრუქტურის, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის ფორმების, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის, თავდაცვის ძალებში არსებული ბენეფიტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედროებმა მოსწავლეებს ეროვნული და საერთაშორისო დონის სამხედრო სწავლებების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა სხვადასხვა ეპოქის ეროვნულ გმირებსა და მათი გმირობის ისტორიებზე მსჯელობა. პრეზენტაცია თემატური ფოტო და ვიდეო მასალით იყო დატვირთული. ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და აქტიურ რეზერვთან დაკავშირებით, კითხვების დასმისა და ამომწურავი პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ მომავალ, 2025-2026 სასწავლო წელს განახლდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ ჯარის პოპულარიზაციას, მის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.