დიასპორისა და ჩვენი თანამემამულეების როლი ძალიან დიდია. დიასპორის წარმომადგენლები არიან ელჩები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, თავადაც იყო დიასპორის წარმომადგენელი 18 წლის განმავლობაში და კარგად იცნობს იმ სირთულეებს, რაც საზღვარგარეთ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
„გუშინ აღვნიშნეთ ჩვენთვის ძვირფასი დღე და დღეს აღვნიშნავთ დიასპორის დღეს. სიმბოლურია, რომ ასე ებმის ერთმანეთს ეს თარიღები. დიასპორის და ჩვენი თანამემამულეების როლი ძალიან დიდია. საქართველო მდიდარია თავისი კულტურით, ისტორიით, წარმომავლობით და ნამდვილად არსებობს ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ დიასპორამ წარმოაჩინოს წარმოაჩინოს საქართველო. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ, რათა ახალი თაობა აზიარონ ჩვენს იდენტობას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ენას.
მე თავად ვიყავი დიასპორის წარმომადგენელი, დაახლოებით 18 წელი მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა. ვიცი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, როცა გყავს ოჯახი, შვილები, როცა ისინი სწავლობენ განსხვავებულ ენაზე და გიწევს, აზიარო შენს ორგანულს, ქართულ კულტურას. მესმის ეს სირთულე, მაგრამ ვართ მდიდარი ერი და შეგვწევს ძალა, ეს სიმდიდრე წარმოჩენილი იყოს ყველგან, სადაც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დიასპორებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული როლი აქვთ ეკლესიას, სამრევლოს, ეპარქიას.
„მათ ხელმძღვანელებს, სასულიერო პირებს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, რადგან უდიდეს შრომას ეწევიან და რამხელა ძალა აქვს, როდესაც არსებობს შესაძლებლობა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მივიდნენ და ილოცონ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, ჩვენს სინოდს გადაწყვეტილებისთვის, ეს მართლაც დიდი შეღავათია ჩვენი მოქალაქეებისთვის.
როგორც პრეზიდენტმა, მინდა, დავაფიქსირო, რომ მე და ჩემი ადმინისტრაციაც ვიქნებით მზად, რათა უფრო მჭიდრო გახდეს ჩვენი ურთიერთობები.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ ძალიან ნაყოფიერად მნიშვნელოვან საკითხებს ავითარებს დიასპორასთან ერთად. სადაც არ უნდა ვიყოთ, სამშობლო თან უნდა გვდევდეს ყოველთვის. მით უმეტეს, როცა ვართ საზღვარგარეთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშობლოს, აბსოლუტურად სხვა განცდებით ხარ, უფრო შეიგრძნობ, რა სიმდიდრეს ფლობ, რამ მნიშვნელობა აქვს, როცა ხარ ქართველი და როცა გაქვს ასეთი ისტორია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.