ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნამ გამარჯვება დააახლოვა, დიდად ვაფასებთ მოკავშირეთა არმიების ჯარისკაცების წვლილს ჩვენს საერთო ბრძოლაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე 9 მაისისადმი მიძღვნილი აღლუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნაცისტური გერმანიის, მილიტარისტული იაპონიისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მათი სატელიტების სრული დამარცხება გაერთიანებული ერების ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნამ – საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადამწყვეტი ბრძოლების შემდეგ – გამარჯვება დააახლოვა. ჩვენ დიდად ვაფასებთ მოკავშირეთა არმიების ჯარისკაცების, წინააღმდეგობის მონაწილეებისა და ჩინეთის მამაცი ხალხის წვლილს ჩვენს საერთო ბრძოლაში, ყველას წვლილს, ვინც მშვიდობიანი მომავლისთვის იბრძოდა“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასდროს დაეთანხმება მისი მოვლენების დამახინჯებას.
„ჩვენმა მამებმა, ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა გადაარჩინეს მამული. მათ ანდერძად დაგვიტოვეს, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ვიყოთ გაერთიანებული, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ათასწლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციული ღირებულებები. ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ყველაფერი, რაც ჩვენთვის წმინდაა. ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასდროს დავეთანხმებით მისი მოვლენების დამახინჯებას, ჯალათების გამართლებისა და ნამდვილი გამარჯვებულების მიმართ ცილისწამების მცდელობებს. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ წითელი არმიის ჯარისკაცებისა და მეთაურების ღირსება, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების დიდი ღვაწლი, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მსოფლიო ისტორიაში, როგორც რუსი ჯარისკაცები“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა“. მისი მტკიცებით, მთელი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებს.
დაახლოებით 10-წუთიანი მიმართვისას მან ისაუბრა საბჭოთა რესპუბლიკების წვლილზე. მისი თქმით, „საბჭოთა კავშირმა საკუთარ თავზე მტრის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი დარყმები მიიღო. მილიონობით ადამიანმა, რომელმაც მხოლოდ მშვიდობიანი შრომა იცოდა, ხელში იარაღი აიღო“.
„საბჭოთა კავშირის დაპყრობის შესახებ ნაცისტების გეგმები ჭეშმარიტად რკინის ერთიანობამ ჩაშალა. ხალხის გმირობა უზარმაზარი იყო; ყველა რესპუბლიკა ატარებდა ომის საერთო, მძიმე ტვირთს. უზარმაზარი იყო ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის მცხოვრებლების წვლილი. აქედან, ფრონტის ყველა საჭირო აღჭურვილობით დატვითული მატარებლები შეუფერხებლად მოძრაობდნენ. აქ განთავსებული იყო საავადმყოფოები და ასობით ათასმა ევაკუირებულმა მეორე სახლი იპოვა. მათ უზიარებდნენ თავშესაფარს, პურსა და სითბოს“, – აღნიშნა მან.