„ჰამასის“ მიერ ისრაელზე შაბათ დილით წამოწყებული მასობრივი, კოორდინირებული თავდასხმებისა და ისრაელის მხრიდან საპასუხო დარტყმების შედეგად, ისრაელსა და ღაზაში დაახლოებით 1100 ადამიანია მოკლული, ათასობით კი დაჭრილი, – იტყობინება BBC.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან დაჭრილების დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
გაეროს ცნობით, ღაზაში საჰაერო დარტყმების გამო 123 000 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა, 74 000 თავშესაფარს სკოლებში ეძებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ დაახლოებით ათასამდე სამიზნეზე მიიტანეს იერიში. მათივე ცნობით, „ჰამასის“ შეიარაღებული მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე, 7-8 ადგილმდებარეობაზე, ჯერ კიდევ იბრძვიან, თუმცა ისინი „მძიმე საფასურს“ გადაიხდიან.
ორშაბათს, ნავთობის ფასები მაღლა ავარდა, რადგან ინვესტორები ნავთობის მწარმოებელ რეგიონში კონფლიქტის გაჭიანურების შესაძლებლობის ვარაუდს გამოთქვამენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ისრაელისადმი.
შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გემები და თვითმფრინავები გაგზავნა და თქვა, რომ ისრაელს დამატებით საბრძოლო მასალებს გაუგზავნის.
აშშ-ს თავისი ავიამზიდი, „USS Gerald R. Ford“-ი, ისრაელთან უფრო ახლოს გადაჰყავს.
აშშ-ის მცდელობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის განხორციელების შესახებ
2020 წლის იანვრის მიწურულს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რომელიც იერუსალიმს „ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად“, პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს და აღიარებს ისრაელის სუვერინეტეტს დასავლეთ სანაპიროს ახალშენებზე.
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ტრამპის გეგმებს „კონსპირაცია“ უწოდა.
„მე ვეუბნები ტრამპს და ნეთანიაჰუს: იერუსალიმი არ იყიდება, ყველა ჩვენი უფლება, არ იყიდება, და თქვენს შეთანხმებას, კონსპირაციას ასრულება არ უწერია“, განაცახდა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალადან სატელევიზიო მიმამრთვაში აბასმა.
ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა, რომლის მიზანიც იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის გადაწყვეტა, აშშ-ის პრეზიდენტის სიძის, ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით იქნა შედგენილი.
როგორი იყო ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე რეაქცია?
თავის მიმართვაში, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ „შეუძლებელია ნებისმიერი პალესტინელისთვის, არაბისთვის, მუსლიმისა თუ ქრისტიანი ბავშვისთვის, თანხმობა განაცხადოს“ ისეთ პალესტინურ სახელმწიფოზე, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი არ იქნება. „ჩვენ ათასჯერ ვამბობთ – არა, არა, არა. ჩვენ იმთავითვე უარვყავით ეს შეთანხმება და ჩვენი პოზიცია მართებული იყო“, თქვა აბასმა.
პალესტინურმა სამხედრო ისლამისტურმა ჯგუფმა „ჰამასმა“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, ასევე არ მიიღო გეგმა და განაცხადა, რომ მისი მიზანია „პალესტინური ეროვნული პროექტის ლიკვიდაცია“.
გაერომ განაცხადა, რომ იგი ერთგული რჩება ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტისადმი, რომლის საზღვრებიც დაფუძნებული იქნება 1967 წლის ომამდე არსებულ საზღვრებზე, ანუ იმ პერიოდამდე, სანამ ისრაელი დასავლეთ სანაპიროს და ღაზას ომით დაეპატრონებოდა.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაეროს სურს ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაეროს რეზოლუციებზე, საერთაშორისო სამართალსა და ორმხრივ შეთანხმებებზე იქნება დაფუძნებული.
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის 100 წელი: მთავარი მომენტები
- 2019 წლის ნოემბერი: ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის უკვე აღარ მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ისრაელის დასახლებებს საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ
- 2017 წლის დეკემბერი: დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აცხადებს, შედეგად, პალესტინელები ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს წყვეტენ
- 2014 წლის აპრილი: ისრაელ-პალესტინის ბოლო პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები იშლება
- 2000 წლის სექტემბერი – 2005 წლის თებერვალი: პალესტინელების მეორე ამბოხება
- 1993 წლის სექტემბერი: ისრაელი და პალესტინა ხელს აწერს ოსლოს სამშვიდობო შეთანხმებას და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო-ხელშეკრულების დადებაზე თანხმდებიან, რაც არ განხორციელებულა
- 1987 წლის დეკემბერი – 1993 წლის სექტემბერი: პირველი პალესტინური აჯანყება ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ
- 1967 წლის ივნისი: ახლო აღმოსავლეთის ომი – ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმის, დასავლეთ სანაპიროს და ღაზას სექტორის ოკუპაციას ახდენს, რასაც მრავალწლიანი მტრობა და სისხლისღვრა მოჰყვა; გაეროს უშიშროების საბჭოს 242-ე რეზოლუცია მოუწოდებს ისრაელს გავიდეს „ახლახან კონფლიქტის დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“ და აღიარებს უფლებას „რეგიონის ყველა სახელმწიფოსი, იცხოვროს მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და აღიარებული საზღვრების ფარგლებში“
- 1948 წლის მაისი: პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი სრულდება; ცხადდება ისრაელის სახელმწიფოს შექმნა, რასაც მასზე არაბული სახელმწიფოების თავდასხმა მოჰყვება; კონფლიქტი 700 000 პალესტინელ ლტოლვილს წარმოშობს; ომის კვალდაკვალ 800 000 ებრაელი იქნა გაძევებული ან გაიქცა არაბული ქვეყნებიდან
- 1947 წლის ნოემბერი: გაერო რეკომენდაციას იძლევა პალესტინის მანდატი გადანაწილდეს ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებზე – ებრაული ხელმძღვანელობა პალესტინაში ამას თანხმდება, არაბული ხელმძღვანელობა უარყოფს; ორ მხარეს შორის ძალადობა მწვავდება
- 1922 წლის ივლისი: ერთა ლიგა ბრიტანეთს, როგორც მანდატის მქონე სახელმწიფოს, ბალფურის დეკლარაციის ამოქმედების პირობების წამოყენებას ავალდებულებს
- 1917 წლის დეკემბერი: ბრიტანული ძალები იპყრობენ და ოკუპაციას ახდენენ პალესტინის; ამის შემდგომ წლებში არაბებსა და ებრაელებს შორის ძალადობა იზრდება
- 1917 წლის ნოემბერი: ბრიტანეთი (პირველ მსოფლიო ომში ოტომანთა იმპერიის ბრძოლისას) გამოსცემს „ბალფურის დეკლარაციას“, სადაც გამოხატულია მხარდაჭერა პალესტინაში ებრაული „ეროვნული სახლისადმი“, იმ პირობით, რომ არაებრაული საზოგადოებების უფლებები იქ არ იქნებოდა დაზარალებული
- 1917 წლამდე: თურქეთის ოტომანთა იმპერია მართავს ებრაულ და არაბ საზოგადოებებს იმ გეოგრაფიულ სივრცეში, რომელიც მოიხსენიებოდა როგორც პალესტინა, წმინდა მიწა ან (ებრაელების მიერ) ისრაელის მიწა.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ