თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ირაკლი ხმალაძემ ხანძრის შედეგად განადგურებული მაღაზიები დაათვალიერა და ადგილზე შეკრებილ მოვაჭრეებს შეხვდა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს.
დღესვე დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე.
ორი დღის წინ სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ირაკლი ხმალაძე გუშინაც შეხვდა. შეხვედრაზე ვიცე-მერმა გამოთქვა მზადყოფნა, მერიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაზარალებულებს გარკვეული ფორმით დაეხმაროს.