მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. აღნიშნული ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს „თბილისი ცენტრალს“ საქართველოს რკინიგზისგან, – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
„არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს „ბაქანი“. ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.
ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს „ბაქანი“ უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზარალის სრული შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.