მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა რევაზ სოხაძის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მინდა, ბატონ რევაზს ვუსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა: „ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც გუშინ გვქონდა საუბარი“.
პრემიერ-მონისტრმა ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა საზოგადოებას გავუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. მინდა ბატონ ირაკლის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.