Saturday, April 19, 2025
6.8 C
Tbilisi

ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი განათლების მინისტრის მიერ ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების გაძლიერება, სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვა და ბილინგვურ განათლებაზე ხელმისწავდომობა, დადებით ცვლილებებს გამოიწვევს

GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორის, ოგანეს შორაღიანის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მიერ სასკოლო საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენა, სადაც ერთ-ერთ მიმართულებად საქართველოში არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერება და მათი ინტელექტუალური რესურსის სხვა სკოლებში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისთვის გამოყენება გამოიკვეთა, მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს საჯარო სკოლებში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების დონის ამაღლების მხრივ.

„ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში მათემატიკისა და ფიზიკის სწავლების დონის ამაღლება. მართალია, სკოლაში ყველა საგანს თავისი შეუნაცვლებელი ადგილი უკავია, მაგრამ ლოგიკური მსჯელობის, აზროვნების განვითარების საფუძველი მათემატიკა და ფიზიკაა, ამ საგნების სიღრმისეული შესწავლა კი, ეხმარება მოსწავლეებს უფრო განავითარონ გონებრივი შესაძლებლობები და გაცილებით ადვილად შეითვისონ სხვა საგნებიც.

„რეგიონებში, განსაკუთრებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფიზიკისა და მათემატიკის კადრების დეფიციტია და ზოგადად, მთელ საქართველოშია ეს საკითხი პრობლემატური. მე ვფიქრობ, უფრო ადრეც უნდა გაკეთებულიყო ამაზე აქცენტი, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივსულიყავით.

„გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვა, მარტო სახელმძღვანელოებით გაკვეთილების მომზადება საკმარისი არაა. ფიზიკისა და ქიმიის სწავლებისას ძალიან მნიშვნელოვანია ლაბორატორიების არსებობა. ცდების გარეშე ფიზიკის სწავლა, ეს საქმის მხოლოდ ნახევარია. იმისათვის, რომ სწავლება სრულყოფილი იყოს, მარტო ვირტუალური და ეკრანზე ვიდეო გამოსახულების მიხედვით სწავლება არაა საკმარისი. ცდები უნდა ჩატარდეს რეალურ სივრცეში, რომ მოსწავლე თანამონაწილე გახდეს ამ პროცესის, პრაქტიკული მიმართულებით ჩართულობა ბავშვებში თეორიული ცოდნის  გაღრმავებას არსებითად შეუწყობს ხელს და ამასთან, გააჩენს მათ უფრო მეტ ინტერესს ამ საგნებისადმი.

სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და ალბათ სხვაგანაც, ლაბორატორიები თითქმის არ არსებობს, მხოლოდ ცალკეულ სკოლებს თუ ექნებათ ამის ფუფუნება.

ამას დავამატებდი ერთ საკითხსაც, რომელიც ფიზიკის სწავლებას უკავშირდება. ფიზიკის საათობრივი დატვირთვა ამჟამად კვირაში 2 საათია, რაც ვფიქრობ, არაა საკმარისი. ახალი საგნობრივი სტანდარტის მიხედვით, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან, რამდენადაც მე ვიცი, მე-12 კლასშიც დაემატება ფიზიკის საგნის სწავლება, რაც კარგი სიახლე იქნება, რადგან, როგორც გითხარით, ფიზიკისა და მათემატიკის საფუძვლიანად შესწავლა მნიშვნელოვანწილად ზრდის მოზარდების ლოგიკური მსჯელობის უნარების განვითარებას“, – უთხრა GUARDIANGE-ის ოგანეს შორაღიანმა, რომელიც ლომატურცხის საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის, ხოლო ახლომდებარე სოფლის,  კოჩიოს საჯარო სკოლაში ფიზიკასაც, რადგან ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიაზე სხვა აპლიკანტს არ მიუმართავს.

განათლების მინისტრის მიერ ზოგადი განათლების ახალი ხედვის წარდგენისას ერთ-ერთ საკითხად ასევე გამოიკვეთა, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვურ განათლებაზე ხელმისწავდომობა.

როგორც ოგანეს შორაღიანმა აღნიშნა, ბილინგვური სწავლება „ძალიან კარგი პროექტი“, რაც  ერთი მხრივ, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების დონის ამაღლებას, მეორე მხრივ კი, კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი რეგიონის ყევლა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში გამოცხადებულია ვაკანსია ბილინგვური სწავლების სპეციალისტების ასაყვანად, რადგან გაფართოებულია საგნების ჩამონათვალი. მიმდინარეობს გასაუბრება ბილინგვური სწავლების სპეციალისტების აყვანის მიზნით. ჩვენს სკოლაში კადრების დეფიციტია ამჟამად. 2023-2024 სასწავლო წელს პირველად დავიწყეთ ბილინგვური სწავლების დანერგვა და ის მხოლოდ მათემატიკის საგანს მოიცავდა. ამჟამად უკვე დამატებით 4 საგნის მიმართულებითაა გამოცხადებული ვაკანსია, ეს საგნებია: ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მე და საზოგადოება, ჩვენი საქართველო. თუმცა გამოცხადებული ვაკანსიების შევსება ვერ მოხერხდა. ჩვენს სკოლაში, 4 ვაკანსიაზე მხოლოდ ორი კანდიდატი გამოიკვეთა – ერთი სტუდენტია, მეორე თსუ-ს კურსდამთავრებული. სხვა სკოლებში, რამდენადაც მე ვიცი, საერთოდ არ მიუმართავთ კანდიდატებს.

„მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიან კარგი პროექტია – ერთი მხრივ, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების დონის ხელშეწყობისა და ამაღლების, მეორე მხრივ, კადრების დასაქმების კუთხით, მაგრამ ამ ეტაპზე გამოკვეთილია კადრების ნაკლებობა. ვფიქრობ, 1-ელ მაისამდე რამდენიმე ვაკანსია შეივსება, რადგან სპეციალისტების მოსამზადებლად ტრენინგები ტარდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე -აგვისტო-სექტემბერში კიდევ გამოცხადდება დამატებითი ვაკანსიები და შევსება მოხდება კადრებით, რადგან ზაფხულში, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ახალი კურსდამთავრებულებიც გვეყოლება ჩვენი რეგიონიდან, რადგან ბოლო ათწლეულია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვანი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების უმრავლესობა საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძობს სწავლას და შემდეგ მათი დიდი ნაწილი მშობლიურ მხარეს უბრუნდება და თავიანთი პროფესიების მიხედვით იწყებენ მუშაობას“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ოგანეს შორაღიანმა.

GUARDIANGE-ის 2024 წლის 19 თებერვალს გამოქვეყნებული სტატია – ახალქალაქის სოფელ ლომატურცხის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, ოგანეს შორაღიანის განცხადებით, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური განათლების დანერგვა სამომავლოდ კარგ შედეგს გამოიღებს – სრულად იხილეთ ბმულზე.

აღნიშნულ სტატიაში ბატონი ოგანეს შორაღიანი აცხადებს: „უდავოა, რომ ბილინგვური სწავლების დანერგვის შედეგად, დროთა განმავლობაში ქართული ენის უკეთ მცოდნე მომავალი თაობები გვეყოლება, მაგრამ ამას დასჭირდება გარკვეული დრო, ბილინგვური განათლება ფართოდ უნდა დაინერგოს, რომ შედეგი გვქონდეს. კარგი ინიციატივაა მისი საბავშვო ბაღებში დანერგვა. როცა ბავშვები უკვე არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ისეთი საბავშვო ბაღებიდან შევლენ, სადაც ბილინგვური განათლება იქნება დანერგილი, ბუნებრივია, გაცილებით გაუადვილდებათ ორ ენაზე სწავლა. მაგრამ სასწავლო პროცესის ბილინგვურად წარმართვისას, ჯერჯერობით, არსებულ კადრებს აკლიათ გამოცდილება პროგრამის სრულყოფილად დანერგვის თვალსაზრისით. ამას დამატებითი დრო სჭირდება. საგნების მასწავლებლებთან მრავალმხრივი კოორდინაციაა საჭირო, ერთ გაკვეთილზე ორი აქტივობის დანერგვა ერთიან ლოგიკურ მთლიანობად რომ იქცეს.  ჯერ ასეთი გამოცდილება არ აქვთ ჩვენს სპეციალისტებს. მე მგონი, დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება, მეტი გამოცდილების მიღებითა და სხვების მაგალითების გათვალისწინებით, უფრო კარგი შედეგები დაიდოს“.

„ვფიქრობ, მარტო სწვალა-სწავლების პროცესი საკმარისი არაა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ენის კარგად, საფუძვლიანად შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს – იმას, თუ როგორ გარემოში იმყოფება ადამიანი. მაგალითად, სკოლაში და გაკვეთილების შემდეგაც ბავშვებს სოფელში ურთიერთობა სომხურ ენაზე უწევთ და სკოლაში ქართული ენის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავებისთვის შესაბამისი, ქართულენოვანი სოციალური გარემოს ნაკლებობა აფერხებს მათ შემდგომ განვითარებას. ბავშვები უფრო მეტ დროს ოჯახსა და სოფლის სომხურენოვან გარემოში ატარებენ და შესაბამისად, აქ არაა საკმარისი ურთიერთობა იმისათვის, რომ თაობები უფრო სწრაფად იყვნენ ინტეგრირებული ქართულ მოსახლეობასთან, თავდაპირველად საჭიროა უფრო მეტი ურთიერთბა ქართულ გარემოსთან, რადგან მოხდეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და ეს ყველაზე კარგად ურთიერთობებშია შესაძლებელი“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები