უფროსმა დეტექტივმა გიორგი ზაბახიძემ 29 ნოემბერს აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, წამყვანი ოფთალმო-ქირურგების დასკვნით, მხედველობის აღდგენა შეუძლებელია, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა, გიორგი ზაბახიძემ გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო.
დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაეწია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით გაიგზავნა, ანკარაში კლინიკა „გიუვენში“ და სტამბოლში კლინიკა „აჯიბადემში“, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმო-ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის“, – აცხადებენ შსს-ში.