მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონული უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის შორის ურთიერთობების გაღვივებას და გაძლიერებას.
„დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იწყება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა. პროგრამა არის ორდღიანი. დღეს გათვალისწინებულია რიგი პროტოკოლური და კულტურული პროგრამები. ასევე ჩვენთვის დიდი პატივია, ბატონი პრეზიდენტი ვისტუმროთ საქართველოს საელჩოში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მას ექნება შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენ გავაცნობთ პრეზიდენტს მიმდინარე გეგმებს, როგორ მიმდინარეობს შესრულება იმ დავალებების, რომელიც გვაქვს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. ასევე გავაცნობთ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო გეგმებს.
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არის დაგეგმილი დღეს, ხოლო ხვალ დილიდან იწყება შეხვედრები უმაღლეს დონეზე აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ბატონ ილჰამ ალიევთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან. განხილული იქნება მთელი რიგი ორმხრივი საკითხები, რაც დგას დღის წესრიგში. ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და, რა თქმა უნდა, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულება. ამასთან, განხილული იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხები, რომელიც დგას დღის წესრიგში ჩვენს ქვეყნებს შორის. საუბარია იმ მეგაპროექტებზე, რომელიც დაკავშირებულია განახლებად ენერგიასთან. ასევე სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, სავაჭრო ბრუნვის გაზრდასთან და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებთან, რომელიც გადაიყვანს ჩვენს ქვეყნების ურთიერთობას უფრო ახალ საფეხურზე. იქნება განხილული ბევრი წარმატებული საკითხი და პროექტი. ვფიქრობ, პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებას და გაძლიერებას“, – განაცხადა პატარაძემ.