Wednesday, April 16, 2025
6.8 C
Tbilisi

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია გამოკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიას მოუსმინა.

გიორგი გახარიამ კომისიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით ახსნა-განმარტება მისცა.

მისი თქმით, 20 ივნისს აგრესიული და პარლამენტის შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება მან გასცა.

გიორგი გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა, ხოლო სხვა სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მას არ გაუცია.

კომისიის წევრების კითხვაზე, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვამ გასცა თუ არა ბრძანება, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ მან არ იცის.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, მან ბრძანება გასცა, რომ საპოლიციო ძალებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი დაემუქრებოდათ, „პოლიციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, შეეძლოთ რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ.

გიორგი გახარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ საპოლიციო ძალებმა რეზინის ტყვიები „თვითმოგერიების კონტექსტში“ გამოიყენეს, თუმცა იყო გადაცდომები, რის შესახებაც გამოძიება ჩატარდა. კომისიის წევრების შეკითხვები, ასევე, შეეხებოდა, 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის გეგმის შემუშავებისა და მისი განხორციელების დეტალებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, აქციის დაშლის ოპერაცია იდეალურად არ ჩატარებულა და ხარვეზები იყო. მისი თქმით, ყველაფერზე რაც 20 ივნისს ხდებოდა, მისი პასუხისმგებლობაა და მან ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, ხოლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოძიების საკითხია.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში გახსნილ საპოლიციო საგუშაგო პუნქტთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი საგუშაგოს გახსნის მიზანი იყო პრეცედენტულად არ მომხდარიყო იმის დაშვება, რომ „ფეიკ“ რუკებით საოკუპაციო ხაზის გაფართოებისთვის რაიმე სამართლებრივი დასაბუთება გაჩენილიყო.

მისი თქმით, ეს ქმედება შეთანხმებული იყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ადგილზე ოპერირებდნენ და ამ პროცესში სხვადასხვა სამინისტრო იყო ჩართული.

კომისიის წევრების განცხადებით, საგუშაგოს გახსნა განხორციელდა 2008 წელს მიღწეული შეთანხმების პროცედურის დარღვევით, არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საწინააღმდეგო პოზიცია, რის შედეგადაც იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც მანამდე ქართული მხარის იურისდიქცია ვრცელდებოდა, სეპარატისტების ხუთი საგუშაგო გაჩნდა და საოკუპაციო ხაზმა დაახლოებით 1,5 კმ-ით გადმოიწია.

გიორგი გახარიამ კომისიას ახსნა-განმარტება მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზეც მისცა.

მან ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნისა და მისი დაკავების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დისკუსიებზე ისაუბრა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა, მისი დაკავება ისე უნდა მომხდარიყო, რომ ამნისტიის საკითხი არ დამდგარიყო.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უცხო ქვეყნის ელჩები არ ჩარეულან, რაზეც კომისიის წევრების მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ, 15 აპრილს გაიმართება.

ინფორმაციას და ფოტომასალას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები