დღის განმავლობაში ბევრ ადამიანს ვხვდებოდი, მათ შორის ელჩებს და უცხოელებს, სამსახური მქონდა ასეთი. იმ შუალედში უცხოელებს და ელჩებს ყველა ელაპარაკებოდა, მარტო მე კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე, სპიკერი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, გახარიას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჰკითხა: „შეხვდით თუ არა რომელიმე ქვეყნის ელჩს ჩვენი მხრიდან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასა და თქვენი გადადგომის ბრიფინგს შორის, ამ შუალედში? რომელ ელჩს შეხვდით და ვინ გირჩიათ, გასულიყავით ოპოზიციაში?“
„არავის არაფერი მსგავსი არ ურჩევია, რომც ერჩია, ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია ბოდიში და, ყოველთვის ფეხებზე მეკიდა მარტივი მიზეზის გამო, ჩემთვის ჩემს გუნდთან და ხალხთან შეთანხმების დარღვევა-არდარღვევა იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, თეა წულუკიანმა გახარიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, აღნიშნულ პერიოდში შეხვედრა ხომ არ შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, მათ შორის ამერიკისა და ევროკავშირისას.
ამასთან, წულუკიანმა გახარიას მიმართა, ამერიკის ელჩთან ხომ არ იყო საუბარი, რომ სჯობდა თავის შეკავება სპეცოპერაციისგან და ოპოზიციაში იქნებოდა უზრუნველყოფილი, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ტყუილია.
„არა, ეს ტყუილია. ამერიკის ელჩს შეუძლია, რაც უნდა, ის თქვას, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებებს იქიდან გამომდინარე, რასაც ის მიიჩნევს საჭიროდ და რაც საქართველოს კანონმდებლობას შეეფერება. იმ შეხვედრაზე საუბარი იყო ყველაფერზე. არ მახსოვს, კონკრეტულად მელიაზე იყო თუ არა საუბარი. რომც ყოფილიყო, ამას ჩემზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არ მახსოვს, რა მითხრა“, – განაცხადა გახარიამ.