Monday, April 14, 2025
5.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“.

მთავრობის მეთაურმა თურქეთს ფორუმის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც მულტიპოლარულობა უქმნის ქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ასევე არის შესაძლებლობა პატარა ქვეყნებისთვის, გააღრმავონ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები.

„საქართველო სტრატეგიულად ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ის აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, მათ შორის ეკონომიკურ განზომილებაში. ჩვენი მიზანია, საქართველოს ეს როლი მაქსიმალურად აღვუდგინოთ. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებით. ეს არის ჩვენი ხედვა. ჩვენ უვიზო მიმოსვლაც გვაქვს დაახლოებით 50 ქვეყანასთან. ასე რომ, ეს არის ჩვენი ზოგადი ხედვა ეკონომიკური თანამშრომლობის და პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით.

„ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებისა და მშვიდობის გამყარების კუთხით. სამშვიდობო ხედვა და პოლიტიკა გვაქვს რუსეთის ფედერაციის მიმართაც. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ამ პირობებშიც კი მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას ვახორციელებთ. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაგვაჩნია, მაგრამ გვაქვს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა. ესეც ჩვენი ხედვის ნაწილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ 2021 წლიდან საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უმაღლესი ნიშნულია.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეგიონში – განსაკუთრებით უკრაინაში – მშვიდობის აღდგენით, საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება წახალისებული. ამ მომენტის დადგომას ველით და იმედი გვაქვს, რომ მოვლენები ამ მიმართულებით პოზიტიურად განვითარდება. განვითარებისთვის, ქვეყნებს შორის სწორი ურთიერთობებისთვის მშვიდობა გადამწყვეტია. ამიტომ, ყველას ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს მშვიდობის განმტკიცებაზე ჩვენს ირგვლივ. ძალიან გვახარებს, რომ ამას თურქეთთან ერთად ვაკეთებთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ასევე მისდევს მშვიდობიან პოლიტიკას განვითარებისთვის. სამომავლოდაც ვაპირებთ სამშვიდობო ხედვის განხორციელებას და ქვეყნის განვითარებაზე – განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე აქცენტირებას. საერთაშორისო კავშირების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება უბრალოდ შეუძლებელია. მშვიდობის პირობებში ეკონომიკის განვითარებასა და კეთილდღეობაზე უნდა ხდებოდეს ყველა ჩვენგანის აქცენტირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა პანელურ დისკუსიაზე დიპლომატიის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომისა და მშვიდობიანობის პერიოდში დიპლომატიას აბსოლუტურად განსხვავებული ძალა აქვს.

„ამჟამად გვიწევს ომის პირობებში არსებობა. ჩვენს ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს და ამ სიტუაციაში, ჩვენი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია. 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნის ხელშემწყობი. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე: ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია მთავარ ადგილს დაიკავებს.

„ამჟამად პოლიტიკური ინტერესებია წარმმართველი, დიპლომატიის ინსტრუმენტების ნაცვლად და როგორც კი მშვიდობა აღდგება – აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს. დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობდნენ – თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი, მონტენეგროს პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი, მოლდოვას პრემიერ-მინისტრი დორინ რიჩეანი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როზენ ზელიაზკოვი და ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი. დისკუსიას მოდერატორობდა თურქეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები