Sunday, April 13, 2025
3.8 C
Tbilisi

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები საქართველოს ძალოვანი უწყებების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს ძალოვანი უწყებების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. სანქცირებულ პირთა განახლებული სია დიდი ბრიტანეთის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა შორის არიან საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე.

ე.წ. შავ სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, ხოლო სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეგულაციები შედგენილია „სანქციების აქტის“ ფარგლებში (2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის შესაბამისად) და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაწესებას, კერძოდ, სახსრების გაყინვას.

უფრო ადრე, გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები – სულხან თამაზაშვილი, მილერი ლაგაზაური, ზვიად ხარაზიშვილი და ალექსანდრე დარახველიძე. 2025 წლის 2 აპრილს კი სანქცირებულთა სიას დაემატნენ მოსამართლეები – მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები