2025 წლის 9 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით, ისევე როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს.
თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა, რაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მიღწევაა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს 16 თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რაც ქმნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ასევე ხაზი გაუსვა მიმზიდველ გარემოს ინვესტიციებისთვის. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი სავაჭრო კვანძია არა მხოლოდ ევროპის, არამედ ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის რეგიონში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს, დღესაც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ენერგეტიკული პარტნიორია. ამ კუთხით, მან ისაუბრა საქართველოს ჩართულობით მიმდინარე მნიშვნელოვან რეგიონალურ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას, ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ხელსაყრელ მდებარეობას რეგიონის განვითარებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მისი განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის დიდი ხნის წინ არჩეული გზაა, რომელიც ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ვალდებულებად აქცია. მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველომ მასშტაბური რეფორმები გაატარა და ამ თვალსაზრისით რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია. თავის გამოსვლაში მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხის ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით გამოყენების მცდელობებზეც ისაუბრა და ასევე უპასუხა კითხვებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილმა დისკუსიის ფარგლებში საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.