Monday, April 7, 2025
14.8 C
Tbilisi

ბზის მოჭრაზე სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, შესაძლოა, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაციაც მიენიჭოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის  ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან, გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები“, – აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.

ეროვნული სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა, ბოლო რამდენიმე წელიწადია, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

„გარდა პათოგენური სოკოსა,  კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში  განხორციელებული  ღონისძიებების შედეგად მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია“, – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები