Wednesday, April 2, 2025
17.8 C
Tbilisi

ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით British Airways-მა ქართული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართა

British Airways-მა ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო. ახალი პირდაპირი ავიარეისების დაწყებასთან დაკავშირებით British Airways-მა ქართული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე British Airways-ის რეგიონულ კომერციულ მენეჯერს, ემილ დელიბაშევს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ბრიტანული ავიახაზების უახლეს პროდუქტებსა და სერვისებს. ასევე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, ეს ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული ბაზარია.

„ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ კამპანიებს, წელს კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაორმაგებული ძალებით აწარმოებს მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს, როგორც სოციალური მედიით, ასევე საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით, მათ შორის British Airways-თან ერთად. წლის განმავლობაში საქართველოს ეწვევიან ბრიტანელი ჟურნალისტები და ბლოგერები. ჩვენ ვეცდებით საქართველოს ცნობადობის შესახებ კამპანიები უფრო მასშტაბური გავხადოთ და ბევრად მეტი ბრიტანელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

ამასთან, British Airways-ის რეგიონული კომერციული მენეჯერის, ემილ დელიბაშევის განცხადებით, მოხარული არიან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით.

„მოხარული ვართ, რომ British Airways-ის პირველი საინაუგურაციო ფრენისას ბორტი მგზავრებით სრულად შეივსო. ეს აჩვენებს საქართველოსადმი ბრიტანელი ვიზიტორების მხრიდან დიდ პოტენციალსა და ინტერესს, რომ იმოგზაურონ საქართველოში. ძალიან კარგი ისტორია გვაქვს, ჩვენი წინამორბედი ავიაკომპანია British Mediterranean Airways საქართველოში დაფრინავდა 1997 წლიდან 2013 წლამდე. ჩვენ ახლა დავბრუნდით, Airbus-320neo ლაინერით, რომელიც სრულიად ახალია. საქართველოს მიმართულებაზე ინტერესი ჩვენს ყველა მოლოდინებს აჭარბებს“, – განაცხადა ემილ დელიბაშევმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს წევრი 40-მდე ქართული კომპანია.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ British Airways შემოვიდა საქართველოში. დიდი ხანია, არ უფრენია საქართველოს მიმართულებით და მისი დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა. ეს ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების შემოყვანას საქართველოში, ასევე გაყვანას. დღევანდელი პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო, ავიაკომპანიის სიხშირეები ბევრია და იმედი გვაქვს, გაყიდვები ამ მიმართულებით ძალიან მაღალი იქნება. მთელ მსოფლიოში ბრიტანეთის ავიახაზებს ლოიალური კლიენტების დიდი არმია ჰყავს. დიდი იმედი მაქვს, ეს ავიარეისები ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველი ტურისტების შემოყვანას საქართველოში“, – განაცხადა „ვია თრეველის“ დირექტორმა ნინო ნამგალაძემ.

ამასთან, „ჰორიზონტ ეირის“ დირექტორის, თეიმურაზ ერგეშიძის თქმით, British Airways-ის შემოსვლა ძალიან შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადების შემოსვლას საქართველოში, როგორც დიდი ბრიტანეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ჩვენმა ოპერატორებმა დღევანდელ პრეზენტაციაზე. British Airways მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ძალიან ბევრი ქალაქი დავფაროთ, მათ შორის აშშ-ში. British Airways-ის შემოსვლა ძალიან შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადების შემოსვლას, როგორც დიდი ბრიტანეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან საქართველოში“, – განაცხადა თეიმურაზ ერგეშიძემ.

ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით British Airways პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები