1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. ასევე, დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულის ჩამდგმელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.
„დღეს არის 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ ამ რეფერენდუმს რამდენიმე დღეში, 9 აპრილს მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 90%-ზე მეტმა, დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 99%-ზე მეტმა, შესაბამისად, შედგა ქართველი ხალხის ერთსულოვნება დამოუკიდებლობის იდეის გარშემო.
ასევე, დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულის ჩამდგმელი. რა თქმა უნდა, პატივი უნდა მივაგოთ მის ხსოვნას“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 1991 წლის შემდეგ ქვეყანამ გამოიარა ოთხი სხვადასხვა ომი და ორი სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები, თუმცა საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება.
„ეს წლები იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის. 1991 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ ოთხი სხვადასხვა ომი, ორი სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, მათ შორის, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები და ა.შ. თუმცა, საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მომავალშიც. დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი გაფრთხილება და დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მოვიგონოთ და პატივი მივაგოთ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეწირნენ ომებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ მოქალაქეს და ყველას გისურვოთ საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა პრემიერმა.