საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკს და გაერო-ს ინსტიტუტების, გაერო-ს განვითარების პროგრამის, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა გაერო-სა და მის ინსტიტუტებთან. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა თანამშრომლობის ახალ ციკლს, რომელიც განვითარების თანამშრომლობის შესახებ 2026-2030 წლების ხელშეკრულებაზე მიმდინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყება და, დიდიე ტღებიუკის თქმით, საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში შეუწყობს ხელს.
„დიდიე ტღებიუკი დაინტერესდა საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებით, მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო საქმიანობით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.