„რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, დაგეგმილზე გაცილებით მეტი დროა საჭირო, რათა კომუნიკაციები მოწესრიგდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, სიახლეები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოები იქნება განსახორციელებელი. რუსთაველის გამზირზე მიწის ქვემოთ არის კოლექტორი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემაა მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემა. ყველაფერი არეულია ერთმანეთში. ყველაფერი, რაც მოედინება, გარკვეულ შენობებს უქნის პრობლემას. შესაბამისად, მისი დემონტაჟი დროსთან და ვადებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ თვითონ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დასჭირდებოდა და დაწყებას მაისის ბოლოს ვაპირებდით, თუმცა ამ ეტაპზე მოგვიწევს, მომავალი წლისთვის გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს. რუსთაველი ცენტრალური გამზირია და მისი დიდი ხნით დაკეტვა ბევრ პრობლემას და დისკომფორტს გამოიწვევს დედაქალაქში. ამიტომ, სამუშაოები მომავალი წლისთვის გადაიწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.