Wednesday, March 26, 2025
6.1 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა უნდა უპასუხოს კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ გვიმალავდა?

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში დროებითი ღონისძიების სახით არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატომ გვიმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს სკანდალური ინფორმაციაა, რომელიც ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა, გავიგეთ საია-სგან. როგორც გახსოვთ, მე საჯაროდაც ვეუბნებოდი მათ, რომ გაეცათ პასუხი კითხვაზე, ითხოვდნენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოსგან, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან, გამჭვირვალობის კანონის დროებით შეჩერებას იქამდე, ვიდრე მიმდინარეობს განხილვა. ამ პასუხს გაურბოდნენ და ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა, აღიარეს, რომ თურმე არც კი მოუთხოვიათ. ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მათი სარჩელი განსახილველად. გამჭვირვალობის კანონი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის ქვეშ არის, თუმცა არ დააკმაყოფილო დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება და ამას მოჰყვა თავდასხმა ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტი „ენჯეოების“ მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე. შეგახსენებთ, მათ მოღალატეებს უწოდებდნენ „სოროსის ფონდის“ წარმომადგენლები, „ისფედი“, თავად საია-ს წარმომადგენლები თავს ესხმოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმის გამო, რაც, საბოლოო ჯამში, აღიარეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა კანონის შეჩერების. რატომ არ მიმართეს, რას გვეუბნება ეს ყველაფერი? პირველი, რომ საია და ის უცხოეთიდან დაფინანსებული 100 „ენჯეო“, რომელიც ავტორია ამ სარჩელის, თავად აღიარებენ, რომ გამჭვირვალობის კანონი რაიმე მყისიერ რისკებს თუ საფრთხეებს არ წარმოშობს მათთვის. თავადვე აღიარეს, როცა ეს არ მოითხოვეს და ამავე დროს აღიარეს, რომ ეს რომ მოეთხოვათ, მიიღებდნენ უარს სტრასბურგის სასამართლოსგან. ამის საპირწონედ კი, საქართველოში მოითხოვეს ის, რაც თავადაც იცოდნენ, რომ არ ეკუთვნოდათ – კანონის შეჩერება. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად სამართლიანად არ დააკმაყოფილა მათი ეს მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლო გახადეს თავდასხმის ობიექტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას უცხოეთიდან მართული „ენჯეობის“ მიმართ კითხვები, უკვე დიდი ხანია, აღარ აქვს, რადგან, მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაში კითხვა არსებობს მათი დონორების მიმართ.

„მათ შორის საია ფინანსდება ბრიუსელიდან. ასე რომ, ეს ექვსთვიანი თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ძირის გამოთხრა სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ ყველაფრის უკან დგას ბრიუსელის ფული. ამიტომ პასუხი იმ კითხვებზე, რატომ ხდებოდა პროპაგანდისტული მეთოდებით, დეზინფორმაციით საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა, პასუხი გასაცემი აქვთ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის, რადგან მისი დაფინანსებულია ეს „ენჯეოები“. მან უნდა გასცეს პასუხი და მან, დიდი ალბათობით, ძალიან კარგად იცოდა, როგორც სხვა დროს გავარკვიეთ, პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით. მე ვერ დავუშვებ იმას, რომ მან არ მოიკითხა ამ „ენჯეოებში“, იყო თუ არა მოთხოვნილი დროებითი ღონისძიება, რადგან ეს იყო მთავარი საკითხი. მთელი პანიკა აწიეს, რომ კანონი არ შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა ჰერჩინსკიმ იცოდა, რომ მათ არ ჰქონდათ მოთხოვნილი კანონის შეჩერება სტრასბურგში. ისიც კარგად იცოდა, რომ ჩვენ ამ პასუხს ველოდით და გვაინტერესებდა საქართველოს პარლამენტს, რომ იმის ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავს ესხმოდნენ, კანონის არშეჩერების გამო ითხოვნდნენ თუ არა სტრასბურგიდან კანონპროექტის შეჩერებას და ეს იცოდა ჰერჩინსკიმ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას უმალავდა ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ ახლა პასუხი გასაცემი აქვს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, იცოდნენ თუ არა მათ, რომ ამხელა კამპანია, რომელიც მათი ფულით იყო ასევე დაგეგმილი და განხორციელებული, გასაჩივრებებს ვგულისხმობ, იყო საბაბი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პიროვნული თავდასხმებისა, იცოდა თუ არა მან, რომ საია-ს არ ჰქონდა მოთხოვნილი სტრასბურგში კანონის პროექტის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ მალავდა ამ ყველაფერს? ასე რომ, არაფერ შუაში აღარ არიან უცხოეთიდან მართული „ენჯეოები“, მათმა დონორებმა უნდა გასცენ პასუხი ყველაფერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრზე და შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზეც, რაც არის თავდასხმა და ზიზღის ენა.

„ეს იყო შეურაცხყოფა, თავდასხმა, ზიზღის ენა, ყველაფერი ის, რაც ვითომ გვიმტკიცებენ, რომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის ელჩი მისული იყო მხარდაჭერის გამოსახატად ამ ორგანიზაციაში. ერთი, არ ჩათვალა საჭიროდ, რამენაირად შეეფასებინა, როდესაც ამ ორგანიზაციის ქალი ხელმძღვანელი, ქალთა უფლებების დამცავი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალი მინისტრისა და ქალი ჟურნალისტის მიმართ ამ ტერმინებს იყენებს, რომელიც ჩვენ ვნახეთ. საფრანგეთის ელჩის ეს დუმილი არის წახალისება ძალადობრივი რიტორიკისა, რომელიც შემდეგ უკვე ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე. მე, პირადად, კითხვები მაქვს მხოლოდ დონორების მიმართ. არც „საფართან“, არც საია-სთან, არც „ისფედთან“ კითხვები არ არსებობს. დონორებმა გასცენ პასუხები. კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა მან, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი დროებითი ღონისძიების სახით გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატომ გვიმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები