Thursday, March 20, 2025
5.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე არჩევნებს როცა ითხოვ, ზუსტად იცი, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიების მოყვანა გინდა, აქციებზე დგანან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მათგან ერთ-ერთს აძლევდნენ ხმას

არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სინამდვილეში აქციები უწყვეტად 26 ოქტომბრიდან დაიწყო.

„თვითონ არ უყვართ ხოლმე ამის გახსენება, უყვართ ხოლმე 28 ნოემბრიდან ათვლის დაწყება, თუმცა სინამდვილეში აქციები დაიწყო უწყვეტად 26 ოქტომბრიდან. 5 დღე იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, ეს იყო 28 ნოემბრიდან. დღესაც 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი. რეალურად, მასშტაბური ძალადობრივი აქციები 28 ნოემბერს დაიწყო და გაგრძელდა 5 დღე. დანარჩენი, საშუალოდ იკრიბება 300-350-400 კაცი, ეს არის რეალური მოცემულობა. რეალურად, ეს არის დაფინანსებული აქტივი და იხდიან ბიუჯეტში თანხებს, 5 ათასი ლარი კაცზე, საკუთარი ნებით ავსებენ ბიუჯეტს. მართლა საოცარი მოვლენაა. მეორე მხრივ, ირონია რომ გვერდზე გადავდოთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული თანხებიც არის ჩართული ამ პროცესებში, თუმცა შედეგს ვერ აღწევენ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის კულტურული ქვეყანა. არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. არ შეიძლება. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას არ დაადგება არცერთ შემთხვევაში და როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას? როგორ შეიძლება, გქონდეს მაგის მოლოდინი, რომ ვინმე შეიძლება გაჰყვეს ამ ადამიანებს?“ – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ფარსია განცხადებები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან, ვინაიდან ისინი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.

„ჩვენ რომ მიგვეღო ამ არჩევნებში არა 1 120 000 ხმა, არამედ რამდენიც მიიღეს მათ – დაახლოებით 750 000 ხმა, ამ შემთხვევაში ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში? მოდიოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუ ემიჯნებიან, რატომ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს? თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ხომ იმიტომ უნდათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს? არის ოპოზიციურად განწყობილი ის 300 კაცი, ვინც გამოდის, უნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს არჩევნები და ჩვენ ავიღოთ არა 54%, არამედ, მაგალითად, 40% შემდეგ არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ხელისუფლებაში მოდიან სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია. რიგგარეშე არჩევნებს თუ ითხოვენ, როგორ ემიჯნებიან ამათ? ორ თვეში რა ახალი პარტიები უნდა გამოჩნდეს? შენ ხომ ზუსტად იცი, როცა ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, რომ გინდა, ხელისუფლებაში მოიყვანო სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიები. რამხელა ფარსია, ხომ ხედავთ? სინამდვილეში იმ აქციებზე დგანან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევდნენ ამ 4 პარტიიდან ერთ-ერთს და დღეს არიან იმედგაცრუებული იმის გამო, რომ წააგეს არჩევნები. ეს არის რეალობა. 26 ოქტომბერს რატომ ვიხსენებ და რატომ იხსენებენ ისინი მხოლოდ 28 ნოემბერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ამ აქციების რეალური მიზეზი იყო არა რაიმე განცხადება. დღეს რაიმე მოთხოვნა აქვთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? ხომ ვითომ ევროინტეგრაციის გამო გამოვიდნენ ქუჩაში? ორი მოთხოვნა აქვთ სულ: ერთი არის პატიმრების გათავისუფლება და მეორე – რიგგარეშე არჩევნები. სად არის ევროკავშირი? 78-ე მუხლი ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ თავის დროზე, ეს იყო 2017 წელი. რაც შეეხება ჩვენს 28 ნოემბრის განცხადებას, ამ განცხადებამ გამოიღო ძალიან სერიოზული შედეგი – შეწყდა შანტაჟი ამ თემით, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების გახსნა. ჩვენი ქვეყანა მუდმივ შანტაჟს ნამდვილად ვერ გაუძლებდა. ჩვენ ამოვედით სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. სამ თვეში ერთხელ იკრიბება ევროპული საბჭო და ნახეთ, რა იყო დაგეგმილი. შარშან დეკემბერში უნდა შეკრებილიყვნენ და ეთქვათ, არ გიხსნი მოლაპრაკებებს, შემდეგ მარტში – არ გიხსნი მოლაპარაკებებს, მერე ივნისში, სექტემბერში, დეკემბერში და ასე უნდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ 2028 წლის ჩათვლით, არ ვიცი, 2029-ში რა მოხდებოდა. ამას უბრალოდ ვერ გაუძლებდა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ არავისთვის მიგვეცა ქვეყნის მუდმივად შანტაჟის ქვეშ დატოვების საშუალება და ამ შედეგს მივაღწიეთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები