საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 100 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის გაზაფხულის დღესასწაულების მილოცვა და მომავალი თაობისთვის იმის შეხსენება, რომ ხანდაზმული ხალხი ზრუნვასა და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს!
დღეს, მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლგა მელიქიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს პირადად მიულოცეს 3 მარტი, დედის დღე.
მარიამ ვართანიანი და სათენიკ აკობიანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ქალბატონები არიან. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალბატონებს თაიგულები, ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები მიართვეს. ასევე, მათ მერიისგან ფულადი საჩუქარი – 500 ლარი ჩაერიცხებათ.
„ყველა დედას ვულოცავ დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით ჩვენს ხანდაზმულებს, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის არიან და მხნეობას არ კარგავენ, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიკეთესა და ბედნიერებას გისურვებთ…“- განაცხადა მკრტიჩ მღდესიანმა.
ინფორმაციას ახალქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.