Monday, March 3, 2025
1.8 C
Tbilisi

მარკო რუბიო: პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო, ან არც უცდია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პარასკევის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რუბიომ უპასუხა, რომ არ უსაუბრია.

„პარასკევის შემდეგ მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. თუმცა ჩვენ მასთან უამრავი კონტაქტი გვქონდა. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ვფიქრობ, პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების ბოლო სტრიქონი არის ის, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ მზად ვიქნებით, განვაახლოთ ურთიერთქმედება, როდესაც ისინი მზად იქნებიან მშვიდობის დასამყარებლად. ეს პრეზიდენტის ერთადერთი მიზანია. ის ცდილობს, რუსეთი მიიყვანოს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ნახოს, არსებობს თუ არა გზა ამ კონფლიქტის დასასრულებლად. იმედია, მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. ახლა პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა გაიგოს, რისთვის არის მზად, რომ დაასრულოს ომი. თქვენ ვერ მიიყვანთ მას მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ, თუ მტრულად იქნებით განწყობილი. ერთადერთი მიზანია მცდელობა, დასრულდეს სამწლიანი მსოფლიო ომი, რომლის დასასრულიც არ ჩანს“ – განაცხადა რუბიომ.

ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა: „რატომ შეიძლება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორი უწოდო, ხოლო, როგორც თქვენ ამბობთ, არ მოიხსენიო სხვადასხვა ეპითეტით პუტინი?“ რაზეც რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.

„ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს მოვიხსენიებდით სხვადასხვა ეპითეტით. ამაში არ არის საქმე. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სამი წელია, არ ჰქონიათ კონტაქტი რუსეთთან და არ იციან, სურთ თუ არა მათ მოლაპარაკებები.

„თუ მოლაპარაკებები არ იქნება, რა არის ალტერნატივა? კიდევ ოთხი წელი ომი? კიდევ სამი წელი ომი, რომელშიც შეერთებული შტატები და ევროპა აგრძელებენ მილიარდობით დოლარის დახარჯვას? ეს არის ალტერნატივა?“ – აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა, თუმცა უმეტესობას არანაირი გეგმა არ აქვს, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი კი ფიქრობს, რომ საჭიროა, უკრაინას ბრძოლის გაგრძელების საშუალება მისცენ და მხოლოდ ამის შემდეგ, შესაძლოა, პუტინი მზად იყოს მოლაპარაკებისთვის. რუბიოს განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ ეს კარგი გეგმაა.

ჟურნალისტის თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ რუსების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანაზე. „საუბარია დადებული ხელშეკრულებების დაცვაზე. და ეს იყო ერთ-ერთი პუნქტი, რომელზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარასკევს ოვალურ კაბინეტში ისაუბრა, რომ ვლადიმერ პუტინმა არ შეინარჩუნა წარსულში გაფორმებული შეთანხმებები. მართალი არ იყო ამაში?“ – მიმართა ჟურნალისტმა რუბიოს, რაზეც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საუბარია წინსვლაზე და არა წარსულზე.

„აქ არავინ ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინი აპირებს ნობელის პრემიის მიღებას მიმდინარე წელს. ვსაუბრობთ იმაზე, რომ მას ძალიან დიდი ქვეყანა აქვს და სრულად მზად არიან ომისთვის. ისინი ახლა იარაღს ამზადებენ და ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ. ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც უცდია“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უნდა იყოს გრძელვადიანი და უნდა იყოს დაცული. რუბიოს თქმით, ყველა ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიაა მშვიდობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ არც კი ვიცით, შესაძლებელია თუ არა მშვიდობა და ეს ესმოდათ უკრაინელებს. ეს მათ არაერთხელ აუხსნეს და ეს არის ჩვენი სტრატეგია. ჩვენ ვცდილობთ, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ. ახლა ისმის კითხვა, შეგვიძლია თუ არა მათი მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა? ეს არის ჩვენი მიზანი. მოდით, ნურაფერს გააკეთებთ ამის შესაფერხებლად. ეს არის ის, რაც, სამწუხაროდ, ზელენსკიმ გააკეთა. იპოვა თუ არა შესაძლებლობა, სცადა განმარტება ყველა საკითხზე. შემდეგ ის დაუპირისპირდა ვიცე-პრეზიდენტს. როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ მიზანი აქ არის დიპლომატია, ის მაშინვე ადგა და ვიცე-პრეზიდენტს დაუპირისპირდა. ჩვენ, ყველას გვესმის, რომ პუტინი არ იქნება ადვილი მომლაპარაკებელი ამ მხრივ, მაგრამ უნდა დავიწყოთ პროცესი, რათა დავინახოთ, არის თუ არა რაიმე შესაძლებელი. გულწრფელად გაოგნებული ვარ. უბრალოდ არ მესმის. ბაიდენის ადმინისტრაციამ შეურაცხყოფა მიაყენა ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელელებს, მოახდინა მათზე ყველანაირი ზეწოლა ცეცხლის შეწყვეტის მცდელობისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შედარებით კარგები ვიყავით და ყველაფერი, რის გაკეთებასაც აქ ვცდილობთ, არის იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა მშვიდობა“, – აღნიშნა რუბიომ.

მისივე თქმით, ის, რაზეც ხალხი საუბრობს, მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს, ამჟამად კი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავინახოთ, არსებობს თუ არა ამ ომის დასასრულებლად ორივე მხარისთვის მისაღები გზა. რატომ არის ეს ცუდი? მე ნამდვილად მიკვირს, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მშვიდობისმყოფელობის მცდელობა ცუდია. ეს მხოლოდ მაშინ არის ცუდი, როდესაც დონალდ ტრამპი ცდილობს ამის გაკეთებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს არის პრეზიდენტი ტრამპი. ეს ჩემთვის აბსურდია“, – განაცხადა რუბიომ, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტყობინება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები