GUARDIANGE – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, სერ კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუნინგ სტრიტზე შეხვედრისას უთხრა, რომ მას „სრული მხარდაჭერა აქვს მთელ გაერთიანებულ სამეფოში“.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ორ ლიდერს შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა, უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ ბედნიერია, რომ მის ქვეყანას „ასეთი მეგობრები“ ჰყავს.
ზელენსკიმ და სტარმერმა ხელი მოაწერეს 2,26 მილიარდი ფუნტი სტელინგის სესხს უკრაინის სამხედრო გაძლიერებისთვის, რომელიც გაყინული რუსული აქტივების მოგებიდან იქნება გადახდილი.
პრემიერ-მინისტრი მოგვიანებით ლონდონში ევროპისა და კანადის ლიდერების სამიტს უმასპინძლებს, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად გზების გამონახვაზე იმსჯელებენ. ამის შემდეგ ზელენსკი მეფე ჩარლზს უნდა შეხვდეს.
როგორც BBC შენიშნავს, ეს შეხვედრები ახლა დაჩრდილულია ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებით და შეშფოთებით აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესების გამო.
ბოლო კვირების განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ცდილობდა აშშ-სა და ევროპას შორის დამაკავშირებელი როლის შესრულებას, რადგან ეს ემთხვევა ტრამპის ადმინისტრაციის სურვილს, ნაკლებად იყოს ჩართული ევროპის თავდაცვაში. იგი ამ მიზნით ვაშინგტონს სტუმრობდა, ტრამპთან გულითადი შეხვედრა გამართა, ზელენსკისთან ტრამპის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.
ამ შეხვედრის დროს, მან ხელით მიაწოდა მეფის წერილი, რომელიც ტრამპს – რომელიც სამეფო ოჯახის გულშემატკივარია – უპრეცედენტო მეორე სახელმწიფო ვიზიტად იწვევდა გაერთიანებულ სამეფოში, თუმცა ოვალურ ოფისში უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების დაპირისპირების შემდეგ შოტლანდიის ეროვნული პარტიის დეპუტატებმა მოუწოდეს პრემიერ-მინისტრ სტარმეს, უკან წაეღო ეს მიწვევა.
სტარმერი ასევე ცდილობს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში. 28 თებერვალს, პარასკევ საღამოს, სტამერი ტრამპსა და ზელენსკის, მათი კამათის შემდეგ, ტელეფონით დაუკავშირდა.
შაბათს, 1-ელ მარტს, დაუნინგ-სტრიტზე ზელენსკის ვიზიტი, ტრამპთან საჯარო დაპირისპირების შემდეგ, პრემიერ-მინისტრისთვის ზელენსკისადმი მისი მუდმივი მხარდაჭერის დემონსტრირების შესაძლებლობა იყო.
კირ სტარმერმა დაუნინგ სტრიტზე გარეთ შეკრებილი ხალხის მხარდამჭერი შეძახილების ხაზგასასმელად უკრაინის ლიდერს უთხრა: „ეს არის გაერთიანებული სამეფოს ხალხი, რომელიც გამოდის იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად მხარს გიჭერენ თქვენ, რამდენად უჭერენ მხარს უკრაინას. ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით თქვენთან და უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შეიძლება დაგჭირდეთ“.
ზელენსკიმ უპასუხა: „მე ვნახე უამრავი ადამიანი და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, გაერთიანებული სამეფოს ხალხს, ამ ომის დასაწყისიდანვე ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის“.
როგორც ცნობილი გახდა, ზელენსკის გაერთიანებული სამეფოს მეფესთან შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობით დაიგეგმა.
დაუნინგ-სტრიტზე გამართული შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა დიდი ბრიტანეთის „უზარმაზარი“ მხარდაჭერის გამო და განსაკუთრებით აღნიშნა 2,26 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სესხის დახმარება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ გაყინული რუსული აქტივებიდან იქნება მიღებული.
მისი თქმით, ფინანსები უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის იქნება გამოყენებული: „ეს არის ჭეშმარიტი სამართლიანობა – ვინც დაიწყო ომი, სწორედ მან უნდა გადაიხადოს“.
თეთრი სახლში ვიზიტისა და ტრამპთან მწვავე დაპირისპირების შემდეგ, ზელენსკიმ აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებას შეეცედა.
დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დაწყებისას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით თქვა: „მიუხედავად მკაცრი დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად ვრჩებით. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელი და პირდაპირი ერთმანეთთან, რომ ნამდვილად გავიგოთ ჩვენი საერთო მიზნები. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა გვქონდეს. მას სურს ომის დასრულება, მაგრამ არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ამ ომს უკრაინაში განიცდიან. ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის“.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ