საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეხმიანება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.
„მსურს აღვნიშნო, რომ პეტერ ფიშერის განცხადება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე.
აღნიშნული განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობას, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო.
რეალურად გერმანიის ელჩი ეყრდნობა განათლებისა და კვლევების ფედერალური მინისტრის წერილს, რომელიც 20 თებერვლით თარიღდება. საგულისხმოა წერილის თარიღიც.
ჩვენთვის გარკვეულწილად მოულოდნელიც კი არის, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა თავის ბოლო სამუშაო დღეს გამონახა დრო და ჯერ კიდევ არდაწყებული სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ელჩმა გააჟღერა.
აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრს სურვილი ჰქონდა, ახლად არჩეული მთავრობისთვის ბუნდოვანი მემკვიდრეობა დაეტოვებინა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში დისონანსი შემოეტანა.
კიდევ ერთხელ მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.