Monday, February 24, 2025
-0.2 C
Tbilisi

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის შეერთებულ შტატებში მოქმედი საკანონმდებლო აქტის – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ქართულენოვანი თარგმანი დაარეგისტრირა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა და მათი შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.

ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვან თარგმანს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.

„ამ საკანონმდებლო ინიციატივის არსი ის არის, რომ იგი წარმოადგენს ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმანს. შემდეგში, საპარლამენტო განხილვის პროცესში, მოხდება კანონპროექტის შესაბამისი ტერმინოლოგიის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენით, ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდნენ ქართულ კანონებთან დაკავშირებით, დასრულებულია. შესაბამისად, დასრულდება ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, გუნდის მიერ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონის ინიციირების შესახებ, რათა კანონთან დაკავშირებით არანაირი გაუგებრობა არ იყოს. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, დამატებით მთელ რიგ კანონებში საჭირო გახდება ცვლილებების შეტანა, რათა განისაზღვროს ის ორგანოები, რომლებიც საქართველოს რეალობიდან გამომდინარე პასუხისმგებელი იქნებიან კანონის აღსრულებაზე.

ბიუროზე ინიციირებულია ასევე კანონპროექტები: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები