ფოტო თორნიკე რიჟვაძის ფეისბუქის გვერდიდან
აჭარაში ინტენსიური თოვის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები.
როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მსგავსი კლიმატური პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში.
ბუნებრივია, გავაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, რათა მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს თანამოქალაქეებს“, – წერს სოციალურ ქსელში რიჟვაძე.